"ჯვრის მონასტრის დაკეტვა შემოსეულმა მტერმა ვერ შეძლო და ეს ერთმა ჯიპიანმა მამაომ გააკეთა"

"ლეიბორისტური პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჯვრის მონასტერში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ რაც შემოსეულმა მტერმა ვერ შეძლო, ერთმა ჯიპიანმა მამაომ გააკეთა.

მისი თქმით, ხალხში ათეიზმს ყოველთვის ხარბი ღვთისმსახურები იწვევდნენ.

"მეექვსე საუკუნიდან დღემდე მცხეთაში ჯვრის მონასტრის დაკეტვა ვერავინ, თვით შემოსეულმა მტრებმაც ვერ გაბედეს და ეს შესძლო ერთმა ჯიპიანმა მამაომ გარე მოვაჭრეებთან წილების მოთხოვნის მოტივირებით. გამახსენდა კაზანტიპის ნარკოფესტივალზე რომ ითხოვდნენ ღვთისმსახურნი წყალი გაგვაყიდინეთ და შეგეშვებითო. სამარცხვინოა. ეს ერთი გამოვლინებაა იმ ვერცხლთმოყვარეობის რაც ამ ინსტიტუტის თავს ტრიალებს. აბა, რით შეიძლება, აიხსნას მაშ დუმილი, როდესაც ბანდიტმა ძმებმა შარანგიებმა კაზინო ზედ საპატრიარქოს გვერდით, სიონიდან რამდენიმე მეტრში გახსნეს და მამაოები ერთსულოვნად დადუმდნენ, ახლა კი ირკვევა,რომ კულტურის ძეგლს თურმე მარტო, გათოშილი გარე მოვაჭრეები ამახინჯებენ. გაქანებული გარე ვაჭრობა მიდის ვატიკანში, ნოტრ-დამთან, ვენის შტეფელის და მილანის ღვთისმშობლის მსოფლიო მნიშვნელობის ტაძრებთან და არავის გაუყრია მომლოცველები ამის გამო. ან თუნდაც ალავერდელი ბიძინისტი ეპისკოპოსი რად ღირს რომელმაც მთელი ღვინის ქარხნები და ასეულობით ჰექტარი ვენახები დაითრია.მოკლედ ან ჩვენი ღვთისმსახურნი გავლენ ბიზნესიდან და პოლიტიკიდან ან ღმერთი გავა მათგან თუ უკვე გასული არ არის. ხალხში ათეიზმს ბოლშევიზმი კი არა თვითონ ხარბი ღვთისმსახურნი იწვევდნენ ყოველთვის. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ამ გზას ადგანან. იმედია ღმერთი დაგვიფარავს“, - წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.