საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის პროკურორი აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის პროკურორი აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის პროკურორი აირჩიეს. დღეს გამართულ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე, ფარული კენჭისყრით და 2 წლის ვადით, თავმჯდომარედ ნანა ხუნჯუა აირჩიეს. საბჭოზე განსახილველად ორი კანდიდატურა დასახელდა - ადვოკატი ირმა ჭკადუა და პროკურორი ნანა ხუნჯუა, რომელმაც 12 ხმა მიიღო.

საპროკურორო საბჭოს წევრთა განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ორი გარემოება - თავმჯდომარე ყოფილიყო გამსვლელი პროკურორი, ამასთან წევრები ამ გადაწყვეტილებით მიესალმებიან პროკურატურის საქმიანობაში ქალთა როლის გაძლიერებას. ნანა ხუნჯუა 2018 წლის მარტში საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურატურის კვოტაზე ვაკანტურ თანამდებობაზე 331 ხმით აირჩიეს. ხუნჯუას საპროკურორო საქმიანობა დაკავშირებულია ტერორიზმისა და ტერორისტების მხარდაჭერაში ბრალდებულების საქმესთან.

ხუნჯუა გახლდათ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისულის სპეცოპერაციის საქმის პროკურორი. შეგახსენებთ, კონსტიტუციის ამოქმედების შედეგად, საქართველოს მთავარი პროკურატურა გენერალურ პროკურატურად გარდაიქმნა და პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შევიდა.

ცვლილების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია ახალი თავმჯდომარის არჩევამდე შეუნარჩუნდა. რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, იგი კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უნდა შერჩეულიყო. იუსტიციის მინისტრი კი საბჭოს წევრი აღარ იქნება. ამავე კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევა.

საბჭოს ნებისმიერ წევრს შეუძლია, კენჭისყრაზე წარადგინოს როგორც საკუთარი, ასევე, საბჭოს სხვა წევრის კანდიდატურა. ამასთან, რამდენიმე წევრს აქვს უფლება, თავმჯდომარის პოზიციაზე დაასახელოს საბჭოს რომელიმე წევრი. 15-წევრიანი საპროკურორო საბჭოს უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები შეადგენენ. საბჭოს წევრები არიან ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მოსამართლეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.