ვინ არის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ადუაშვილი - რა მოხდა ვერაზე?

ვინ არის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ადუაშვილი - რა მოხდა ვერაზე?

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გუშინ მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ ორი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ. ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1986 წელს დაბადებული კ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული განზრახ მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობა 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, გ.ა.-მ, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 1988 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გ.ა. დააკავა. გ.ა საავადმყოფოშია მოთავსებული, რომელიც სამართალდამცველებთან მისი დაჭრის ფაქტზე არ თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მის დაჭრასთან დაკავშირებით, დამნაშავის იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით , საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

პოლიციამ დაკავებული გ.ა.-ს მეგობარი კ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

30 წლის გიორგი ადუაშვილი, 2013 წელს მოკლული ბიზნესმენის, ანოტონ (ავთანდილ) ადუაშვილის ვაჟია. 2013 წელს ანტონ ადუაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომობილში ზაზიაშვილის ქუჩაზე აღმოაჩინე. ოჯახი მკვლელობის შეკვეთაში მომღერალ სოსო პავლიაშვილს ადანაშაულებდა, რომელთანაც ანტონ ადუაშვილს დიდი ხნის მეგობრობა და საერთო ბიზნეს ინტერესები აკავშირებდა. საბოლოოდ, ანტონ ადუაშვილის მკვლელობის ბრალდებით სამი პირი გაასამართლეს, მათ შორის სოსო პავლიაშვილის სიძე ვახტანგ ჩხაპელია.