უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანეს

უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანეს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია ჯვრის მონასტრის წინამძღვარს თანადგომას უცხადებს, მან ამის შესახებ  “ფეისბუქის” პირად გვერდზე განცხადებას გაავრცელა:

“ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჯვრის მონასტერს და მის წინამძღვარს. ვიცი რამდენად რთული იყო მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანეს მოძღვარი. 1997 წლიდან მრევლი ვარ ამ მონასტრის და ვიცნობ მამა კონსტანტინეს როგორი დიდბუნებოვანი და საოცრად კარგი ადამიანია.

რამდენი ხანია ცდილობს მოაგვაროს ეს პრობლემა. ვინ არ შეაწუხა… უამრავი სტუმარი ჩამოდის და მონასტრის წინ ისეთი ანტისანიტარიაა და მოუწესრიგებლობა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც მთავარია კანონი ირღვევა, გარე ვაჭრობა აკრძალულია. უნებართვოდ ხდება ადგილას ვაჭრობა. არ ვიცი ვისი ინტერესია, რომ რეაგირება არ ხდება… მე პირადად მივმართე არაერთი წერილით მცხეთის მუნიციპალიტეტს, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, გუბერნატორს კანონის აღსრულების მიზნით. რატომ არ ხდება კანონის დაცვა და აღსრულება – ამაზე უნდა ისაუბროს მერმა და პასუხისმგებელმა პირებმა. იმედია სამართლებრივად მოგვარდება ეს საკითხი, ნაცვლად მონასტრის მოძღვრის გაკიცხვისა“, – წერს ეკა ბესელია.

ცნობისთვის, ჯვრის მონასტერი ტურისტებისთვის 3 დღეა, ჩაკეტილია. იქ არც ქართველ და არც უცხოელ მომლოცველებს და დამთვალიერებლებს უშვებენ. გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღოლმა, კონსტანტინე ჯინჭარაულმა ერთპიროვნულად მიიღო.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი –  მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე გარევაჭრობაა. როგორც ცნობილია, მონასტრის წინამძღოლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კარი არ გაიღება იმ დრომდე, სანამ გარემოვაჭრეები ტერიტორიას არ დატოვებენ.