კახა კალაძე მოადგილეებს და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს მიმართავს, კორუფციასთან ბრძოლაში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ

კახა კალაძე მოადგილეებს და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს მიმართავს, კორუფციასთან ბრძოლაში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ

მინდა, მოადგილეებს და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს მივმართო - მაქსიმალური ყურადღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი გადაცდომის მიმართ სიმკაცრეს გამოიჩენენ. კახა კალაძემ გამგებლებსა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ კორუფციის შემთხვევების შემჩნევის შემთხვევაში, „არანაირი უკან დახევა არ იქნება“.

„მინდა, მოადგილეებს საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს მივმართო - მაქსიმალური ყურადღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. წლის დასაწყისშიც ვისაუბრეთ ამაზე და ახლაც მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ თქვენს სამსახურებში ყველა გააფრთხილოთ, რომ არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუ რაიმე კორუფციის ნიშნები იქნება შემჩნეული. ვიქნებით უმკაცრესები, ამიტომ ჩემი თხოვნაა, მაქსიმალური ყურადღება, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ჰქვია მოსახლეობის კეთილდღეობა და ის მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მოსახლეობას უნდა წარვუდგინოთ. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა გააჩნია, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, გვერდით დავუდგეთ, მაგრამ ეს კორუფციისა და გადაცდომის სახით არ უნდა ხდებოდეს. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ვიქნებით ძალიან მკაცრები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.