„ეკლესიის მხრიდან ეს არის თვითნებობა და თავნებობა“, - ვარდოსანიძე ჯვრის მონასტრის დაკეტვაზე

„ეკლესიის მხრიდან ეს არის თვითნებობა და თავნებობა“, - ვარდოსანიძე ჯვრის მონასტრის დაკეტვაზე

„ანანურში მცხეთის ჯვარზე გაცილებით უარესი მდგომარეობა გვაქვს. ტურისტს ვერ გადაუღია ანანურის კომპლექსი იმის გამო, რომ გარემოვაჭრეები პარაზიტებივით არიან შეფენილი," - ეს განცხადება არქიტექტორ-ურბანისტმა, ლადო ვარდოსანიძემ მცხეთის ჯვრის დაკეტვის კომენტირებისას გააკეთა.

მცხეთის ჯვრის მონასტერი მომლოცველებისა და ტურისტებისთვის ორშაბათს მღვდელმსახურებმა დაკეტეს. ამის მიზეზად მათ გარემოვაჭრეობის პრობლემა დაასახელეს. ლადო ვარდოსანიძემ აღნიშნა, რომ ეს ქმედება ეკლესიის მხრიდან თავნებობაა.

„ეკლესიის მხრიდან ეს არის თვითნებობა და თავნებობა. რა თქმა უნდა. ძალიან ცუდი, რომ საპატრიარქო საქმის კურსში არ არის, იმიტომ, რომ მცხეთის ჯვარი არ არის რიგითი ძეგლი. თავისი ტურისტული მიმზიდველობით სვეტიცხოველთან ერთად ალბათ პირველ ადგილზეა.

„აუცილებელია საკანონმდებლო უზრუნველყოფა ასეთი შეხების წერტილების. მე ვგულისხმობ, რომ შესაძლებელია რაღაცა კორექტივა, დამატება შევიდეს კონკორდატში, ანუ საკონსტიტუციო შეთანხმებაში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, სადაც გაირკვევა აი, ასეთი შეხების ზონებში ურთიერთდამოკიდებულება," - განაცხადა ლადო ვარდოსანიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

არქიტექტორ-ურბანისტი ამბობს, რომ ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებზე აუცილებელია განისაზღვროს, თუ სად იქნება სავაჭრო ზონა. მისი თქმით, გარემოვაჭრეებს ბიზნესის ქონის უფლება აქვთ, მაგრამ ეს საკითხი მოწესრიგებას საჭიროებს. საკითხი კი კლესიამ, სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ ერთად უნდა გადაჭრან.

“ყველა ტურისტულად მნიშნვნელოვან ეკლესია-მონასტრებს ეკუთვნის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიების გეგმები, სადაც გაირკვევა სად არის დამხმარე ნაგებობა, სად არის საპირფარეშო, სად არის სავაჭრო ზონა და ასე შემდეგ. პირველ რიგში ეს უნდა გაკეთდეს მცხეთის ჯვარზე.

„ანანურში გვაქვს ჩვენ კატასტროფული მდგომარეობა, მცხეთის ჯვარზე გაცილებით უარესი. როდესაც ტურისტს ვერ გადაუღია ანანურის კომპლექსი იმის გამო, რომ პარაზიტებივით არიან შეფენილი გარემოვაჭრეები, რომელთაც, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება რომ თავიანთი ბიზნესი ჰქონდეთ, მაგრამ ისე, რომ აუცილებლად მოწესრიგდეს ყველაფერი.

„ამიტომ უნდა დაჯდეს სამი მხარე - ეკლესია, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა/მუნიციპალიტეტი. მათ უნდა მოილაპარაკონ და გააკეთონ ისეთი გეგმები/სქემები, თუ სად რა არის დაშვებული," - აღნიშნა ლადო ვარდოსანიძემ.

დღეს ჯვრის მონასტრის საძმომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მონასტრის დაკეტვა მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რათა მომხდარიყო პრობლემის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და საკითხის ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა.

განცხადებაში არ არის მითითებული როდის აპირებს ჯვრის მონასტრის წინამძღვარი მონასტრის გახსნას.