„20 იანვრამდე ვისვენებთ

„20 იანვრამდე ვისვენებთ" - საპატრიარქო ჯვრის მონასტრის დაკეტვაზე

საქართველოს საპატრიარქო ამ ეტაპზე არ აპირებს ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით რაიმე განცხადების გავრცელებას.

„20 იანვრამდე ვისვენებთ. ჯერჯერობით ჯვრის მონასტრის დაკეტვის შესახებ საპატრიარქოში არანაირი მსჯელობა არ მიმდინარეობს. განცხადება გაავრცელა ჯვრის მონასტრის საძმომ", - ამბობენ საპატრიარქოს პრესსამსახურში "რადიო თავისუფლებასთან".

მონასტერი უკვე მეორე დღეა დაკეტილია. მიზეზი სასულიერო პირების და მონასტრის წინამძღვრის, კონსტანტინე ჭინჭარაულის პროტესტია. სასულიერო პირები მოითხოვენ, მიმდებარე ტერიტორია გარემოვაჭრეებმა დატოვონ.

დღეს განცხადება მონასტრის საძმომაც გაავრცელა, სადაც წერია რომ გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, ხოლო როდის გაიხსნება მონასტერი, ამის შესახებ განცხადებაში არაფერია ნათქვამი.