"შეიძლება არც იყოს თებერვალში მეორე პიკი..." - დავით სერგეენკო გრიპის ვირუსთან დაკავშირებით

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსის გავრცელების პიკი თებერვლის ბოლოსთვის აღარ იყოს.

ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის ბოლოს განუცხადა და აღნიშნა, რომ გრიპის ვირუსის მეორე პიკთან დაკავშირებით, მხოლოდ თეორიული ვარაუდი არსებობს.

"სეზონური გამწვავებები ხასიათდება დაახლოებით თვენახევრიანი ხანგრძლივობით. დინამიკა კლებისკენ მიდის. თებერვალში მცირე პიკს ვვარაუდობ იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაშიც იგივე მდგომარეობაა, იზრდება გრიპით ავადობა. ჩვენ სადღაც სამკვირიანი პერიოდით ვასწრებთ მათ ფაზაში. ვვარაუდობთ, რომ მოგზაურობით და გადაადგილებით შეიძლება ევროპიდან იქნას ჩამოტანილი, თუმცა მის სიდიდეს და ხანგრძლივობას არ ვვარაუდობთ. შეიძლება არც იყოს ეს მეორე პიკი რაიმე მტკიცებულება ამის არ გვაქვს, უბრალოდ თეორიული ვარაუდია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება დანახარჯს, დავით სერგეენკოს თქმით, ყოველი სეზონური გამწვავება სახელმწიფოს, საშუალოდ, 10 მილიონი ლარი უჯდება, წელს კი ამ თანხას პრეპარატ “ტამიფლუს” შეძენისთვის გამოყოფილი 1 მილიონი ლარიც დაემატება. ჯანდაცვის სამინისტროს 11 იანვრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული მედიკამენტი საჭიროების მიხედვით ყველა მოქალაქეს უფასოდ დაურიგდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის სეზონური მატების პიკი თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისშია მოსალოდნელი. ავადობა ძირითადად ბავშვთა იმ კონტიგენტშია მოსალოდნელი, რომლებსაც წინა სეზონებში გრიპი არ გადაუტანია.

საქართველოში გრიპმა უკვე 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამჟამად გრიპის ვირუსის გართულების გამო სტაციონარში 660 ადამიანი მკურნალობს. მათგან 42 მძიმე მდგომარეობაშია, იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებებში. ბოლო სტატისტიკა აჩვენებს, რომ გრიპით ასი ათას მოსახლეზე 253 პაციენტია დაავადებული.

საქართველოში გრიპის ეპიდემია არ არის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით ურჩევს მოსახლეობას, დაავადების პირველივე სიმპტომებისთანავე ექიმს მიმართონ.