უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის შესახებ განხილვა კვლავ აქტიურ ფაზაშია. პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები, საზოგადოება ერთობლივად მსჯელობს, რამდენად მოსაწონი, თუ გადასახაზია ის ათკაციანი სია, რომელიც ბოლო დროის მთავარი პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ სასამართლო მძიმედ, მაგრამ მაინც გამოდის პოლიტიკური გავლენებიდან. თუმცა, მკაფიო პასუხები, როგორ უნდა შეიცვალოს ის სიტუაცია, რაც ახლა არის, არ ჩანს.
"ირონიულად კი გამოდის, მაგრამ იმას რაც ხდება უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებთან დაკავშირებით, თამამად შეიძლება ვუწოდოთ „მოსამართლეთა საქმე."
ყველას გვაქვს ბუნებრივი და ლოგიკური სურვილი, რომ უზენაესი სასამართლოს წევრებად ვიხილოთ შეუბღალავი რეპუტაციის მოსამართლეები, ხინჯს რომ ვერ მოუძებნი ბიოგრაფიაში. თუმცა, ჩვენთან ხინჯი ხომ ყველას შეიძლება მოუძებნო, სურვილი და შეკვეთა იყოს თორემ, „მოძებნა" ტექნიკის საქმეა.
ნამდვილად მერჩივნა კანონში ჩადებული ყოფილიყო ისეთი პროცედურები, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა პარლამენტიდან ამ ავადსახსენებელი სიის გაწვევას (იქნებ ეხლა იფიქრონ ამაზე). თუმცა ის, რომ მოხერხდა მოსამართლეთა დამტკიცების პროცესის შეჩერება, და საქმიანი განხილვის კალაპოტში გადაყვანა, მაინც პოზიტიური შედეგი მგონია და სხვათა შორის ამას თავიანთ „შუალედურ გამარჯვებად" აღიარებენ იუსტიციის საბჭოს "დისიდენტი" წევრებიც კი და სხვები, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ ეს შედეგი დამდგარიყო და ნურავინ მიიწერს ექსკლუზიურად საკუთარ თავზე, იმ დამსახურებას, რომ სიის განხილვა გადადებულია. მთავარია, რომ ცვლილება, მართალია, მცირე მაგრამ დადგა.
თუმცა, ჩვენი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურა ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალ დონეზეა, რის გამოც დაბალ დონეზეა კომპრომისების კულტურაც. „win-win" გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ერთი სეგმენტისთვის ჯერ კიდევ კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა ნაცნობი და აპრობირებული ხილია ლამის პათოლოგიაში გადასული მაქსიმალიზმი, მეტოქის დამარცხება- დამარხვა, ორმაგი სტანდარტები, თამაშის შუაგულში საჭადრაკო დაფის ამოყირავება, როდესაც ხვდები რომ პარტია შეიძლება წააგო და რაც მთავარია „სისტემა უნდა დაინგრეს," ლოზუნგი, თანაც ისე რომ არ გაქვს მოფიქრებული უკეთესი ალტერნატივა.
2012 წლებში, როდესაც კოჰაბიტაციის პირველი კონტურები იძერწებოდა, ეს ხალხი მიესალმა ამას და დარწმუნებული ვარ ერთ ვაიუშველებელს ატეხდნენ სასამართლოს მასობრივი წმენდა რომ დაწყებულიყო, ისე როგორც სააკაშვილის დროს მოხდა. იქნებოდა გაუთავებელი საუბრები პოლიტიკურ დევნაზე, შერჩევით სამართალზე და ა.შ.
2012-2016 წლებში ტერმინი „მოსამართლეთა კლანი" საერთოდ გამოყენებაშიც არ იყო. ის ეხლაღა შემოვიდა იმპერატივით .„კლანი უნდა გავყაროთ." კითხვაზე თუ როგორ? მკაფიო პასუხები არ ჩანს. ამ პასუხების მოსაძებნად დაწყებულ პროცესს, შეიძლება ჯერ ბოლომდე გაუმართავს, აპრიორი უნდობლობას უცხადებდე, უკვე ნიშნავს, რომ კონსტრუქტივიზმის ნაცვლად დესტრუქციაზე ხარ ორიენტირებული. არ მოგწონს პროცესი? დადე უკეთესი ალტერნატივა!
P.S. ავად თუ კარგად, სასამართლო მძიმედ, მაგრამ მაინც გამოდის პოლიტიკური გავლენებიდან. დღეს სასამართლომ „ნაციონალების" ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე გაამართლა" - განმარტავს ანჯაფარიძე.