მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის სურვილია, რომ აქ არავინ ივაჭროს

მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის სურვილია, რომ აქ არავინ ივაჭროს

მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის სურვილია, რომ აქ არავინ ივაჭროს. თუმცა, ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, მე ვერავის ავუკრძალავ ვაჭრობას, – ამის შესახებ მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ მონასტრის ტერიტორიაზე განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, გარემოვაჭრეები არ იმყოფებიან ავტომობილების სადგომზე და არავის უშლიან ხელს.

„გუშინ სატელეფონო საუბრისას, მონასტრის წინამძღვრის მორჩილმა მაცნობა, რომ გარევაჭრობა თუ არ აიკრძალებოდა, დაიკეტებოდა ჯვრის მონასტერი. მე ვუთხარი, რომ ეს არ იყო კარგი იდეა. მონასტერი მეექვსე საუკუნის შემდეგ არავის დაუკეტავს და ახლა გარე ვაჭრობის გამო მონასტრის დაკეტვა არ არის კარგი აზრი. მე დღეს მქონდა კომუნიკაცია საპატრიარქოსთან და ალბათ მალე გაიხსნება მონასტერი. რაც შეეხება ტერიტორიას, ეს სახელმწიფოს საკუთრებაა. მოწყობილია პარკინგი და გამოყოფილია გარემოვაჭრეებისთვის ადგილი, თუმცა წინამძღვარს არ აქვს სურვილი აქ ვინმემ ივაჭროს. ჩვენ გაკეთებული გვაქვს დახლები თუმცა ვერ ამოგვაქვს, რადგან აქ არ სურთ დახლების დადგმა. მე ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე ვერავის ავუკრძალავ ვაჭრობას. აქ ვიმყოფები და სავალ ნაწილზე არანაირი უსახურობა არ დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიმდებარე ტერტიტორიაზე არ იყოს უსახურობა და რომ მცხეთის ჯვარი გაღოს“, – განაცხადა მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ.