ეკა ბესელია დიდი ხანია ეწინააღმდეგება “ნაცმოძრაობის” რეჟიმის დროინდელ სასამართლოს წარმომადგენლებს

ეკა ბესელია დიდი ხანია ეწინააღმდეგება “ნაცმოძრაობის” რეჟიმის დროინდელ სასამართლოს წარმომადგენლებს

“მიგვაჩნია, რომ ეკა ბესელია არის გამოცდილი პოლიტიკოსი და კვალიფიციური იურისტი. მისი გადაწყვეტილებები ეყრდნობა პრინციპებს“, – ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევვრმა, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა გააკეთა.

“მოსამართლეებთან დაკავშირებით ჩვენი ფრაქციის პოზიცია კარგად არის ცნობილი – ჩვენ არ ვუჭერდით არც იმ პროცედურას მხარს და არც იმ სიას, რომელიც წარმოდგენილი იყო. ახლა მიმდინარეობს მუშაობა მოსამართლეთა წარდგენის ახალი წესების შემუშავებაზე. რაც შეეხება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკა ბესელია არის გამოცდილი პოლიტიკოსი და კვალიფიციური იურისტი. მისი გადაწყვეტილებები ეყრდნობა პრინციპებს. ის პრინციპული ადამიანია და დიდი ხანია ეწინააღმდეგება “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროინდელ სასამართლოს წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ მთელ რიგ გადაწყვეტილებებში, ეს დიდი ხანია ცნობილია. მე მჯერა, რომ ეს მისი პოზიციის განმსაზღვრელი იყო”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.