"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია უკრაინისთვის ავტოკეფალიის აღდგენის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეცდომას უშვებს, როდესაც მეგობარ ქვეყანას ამ მნიშვნელოვან მოვლენას არ ულოცავს.
ბოკერიას თქმით, საქართველოს ხელისუფლების დუმილი ამ საკითხთან დაკავშირებით ზიანს აყენებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს.
„ყველამ ვიცით, რომ უკრაინის ქრისტიანულმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, რაც მხოლოდ უკრაინის გამარჯვება არ არის. ჩვენ გვაქვს არაერთი მაგალითი რუსული ეკლესია როგორ იყენებს თავის გავლენას საქართველოში და ბუნებრივია, პოლიტიკოსებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ.
ჩვენ არ მოგვისმენია, არც საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენლისგან მათ შორის არც პარლამენტის თავმჯდომარისგან მათი პოზიცია ამ საკითთან დაკავშირებით. ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისგან აბსოლუტურად გაუგებარი განცხადება, რომელმაც ეკლესიისკენ გაიშვირა ხელი და თქვა, რომ ელოდება რას იტყვის ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესია, რაც ფუნდამენტურად არასწორია. საქართველოში ჩვენი კონსტიტუციით საქართველოს ხელისუფლება და ეკლესია გაყოფილია. ჩვენ, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულია ხელისუფლება. ძალიან გთხოვთ, დაუსვით ხელისუფლებას კითხვა, როგორია მათი პოიზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. რატომ აქვთ ეს პოზიცია, თუ აქვთ. მათ მაინც მოუწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, ჩვენ, „ევროპული საქართველო“ მათ პარლამენტში აუცილებლად დავიბარებთ, მაგრამ თვითოეული დღე, რომელიც გადის და ჩვენი ხელისუფლება არ ულოცავს უკრაინელ ხალხს ამ მოვლენას, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალზე, არის ზიანის მომტანი ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის, ამიტომ ველი მათ პასუხს ამ კითხვებზე. ნუ გაიშვერენ ხელს საქართველოს ეკლესიისკენ, ეს არასწორია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი 5 იანვარს მოაწერა. ცერემონია სტამბოლის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში გაიმართა. ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა.
მანამდე, 4 იანვარს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს მოუწოდა, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირონ.