ქართველი ჟურნალისტი საბერძნეთში გაძარცვეს -

ქართველი ჟურნალისტი საბერძნეთში გაძარცვეს - "პოლიციაში გაძარცვული ტურისტების რიგი დგას"

ჟურნალისტი ია თინიკაშვილი საბერძნეთში გაძარცვეს. ამის შესახებ ჟურნალისტი თავად წერს და ამბობს, რომ პოლიცია გაძარცვულ ტურისტებს გულგრილად ექცეოდნენ.

"ჩემი საქართველო ათასჯერ ჯობია ევროპის ბევრ ქვეყანას, ჩვენი პოლიცია და მთავრობა ბევრად აღემატება ევროპის არაერთი ქვეყნის შესაბამის უწყებებს და საქართველოში ათასჯერ მეტადაა დაცული ჩამოსული ვიზიტორების თუ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება!

დღეს, საბერძნეთში გამძარცვეს. სალონიკის ცენტრალურ ქუჩაზე ჯერ გოგო დამეჯახა პირისპირ და პირდაპირ ჩემს ფეხებთან ყურსასმენები თითქოს დაუვარდა, შემდეგ, სამი ადამიანი ზურგიდან მომაწვა, ჭყლეტვაში მოყოლილი მაშინვე მივხვდი, რომ არაბუნებრივი რაღაც ხდებოდა, პირველი სიგნალი ჩანთა იყო, ხელი ვტაცე და უკვე აღარ მქონდა საფულე, უცნობები გაიქცნენ. დავკარგე ყველაფერი – თანხა ბოლო ცენტამდე, საბანკო ბარათები, სხვა დოკუმენტები და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი!!!

პოლიციაში დავრეკე და მითხრეს, რომ განყოფილებაში უნდა მივსულიყავი. ჯერ ახლომდებარე განყოფილებას მივაკითხე, მათ მეორეგან გადამამისამართეს – ქურდობასა და ძარცვაზე სხვაგან უნდა მიხვიდეთო და იმ ,,სხვაგანის” მისამართი დიდი მუდარით დამიწერეს ფურცელზე.

როგორც იქნა, მივაგენი პოლიციის მეორე განყოფილებას და… ეს იყო ძველი კოლმეურნეობისდროინდელი კანტორის მსგავსი შენობა, ჩამოფხავებული დერეფნებით და ამ დერეფანში სახეწაშლილი უამრავი ხალხით. ემატებოდა და ემატებოდა ამ ხალხს ჩემსავით ატირებული ტურისტები. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ დღეს, სალონიკში რამდენიმე ათეული ადამიანი გაგვქურდეს. თითოეულის გამოკითხვას ერთი საათი მაინც სჭირდებოდა. პოლიციელების გულგრილი სახეები პირდაპირ მიგვანიშნებდა საკონცენტრაციო ბანაკში შეყრილებივით სახეწაშლილებს, რომ იქაც ტყუილად მივედით.

დახმარება მჭირდებოდა – ჯერ საქართველოს საკონსულო გამახსენდა, შემდეგ მეგობრები, ვისაც დახმარება შეეძლო. საკონსულოს წარმომადგენლები მალევე მოვიდნენ, მათი ჩარევით, ჩემი გამოკითხვა დროულად დაიწყო.

პოლიციას ზუსტად მივუთითე შემთხვევის ადგილი, დრო, დეტალურად ავუღწერე სავარაუდო დამნაშავე… კამერების ნახვა ასე მარტივად არ ხდებაო აქ!  იმ ნაცრისფერ და უიმედო დერეფანში მომლოდინე დაზარალებულთა უმრავლესობამ უიმედოდ დატოვა პოლიციის შენობა. ირანელი ახალგაზრდებიც იყვნენ ჩვენ შორის, დამშვიდობებისას მითხრეს, ჩვენ ცოტა ფული დაგვრჩა და გიწილადებთო. ისედაც განერვიულებულს, უსრესად ამიჩუყდა გული, ხელი ჩამოვართვი იმ ბიჭს და მადლობა გადავუხადე.

რა გამაჩერებს აქ, საქართველოს მიწას უნდა ვემთხვიო რომ ჩამოვფრინდები ხვალ. ეს თუ ევროკავშირია, ჩვენ ვინ ვართ…" – წერს ია თინიკაშვილი.