„პასუხის ღირსად არ ვთვლი, თუმცა საუბარს არ ვურჩევ…”

„პასუხის ღირსად არ ვთვლი, თუმცა საუბარს არ ვურჩევ…”

ვაკვირდები პროცესებს და უახლოეს მომავალში ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალურად გავცემ პასუხს, – ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ამ ეტაპზე ზარდიაშვილმა მმართველ გუნდში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებსა და მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით არ ისაუბრა.

„მე მესმის, რომ საზოგადოებას აქვს ძალიან მაღალი ინტერესი. მე ვაკვირდები პროცესებს და უახლოეს მომავალში ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალურად გავცემ პასუხს, ყველაფერზე გავაკეთებთ დეტალურ განმარტებას. რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია გუნდის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მე არ დავარღვევ გუნდურობის პრინციპს და წინასწარ არ გავაკეთებ რაღაც განცხადებებს. გუნდში არის ცოცხალი პროცესი. დაველოდები გუნდის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მერე ყველაფერზე გაგცემთ პასუხს,”- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

 ვანო ზარდიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია რეპლიკის სახით გამოეხმაურა. ბესელია ზარდიაშვილს ურჩევს, მიმდინარე პროცესებზე საუბრისგან თავი შეიკავოს.

„პასუხის ღირსად არ ვთვლი, თუმცა საუბარს არ ვურჩევ. მისთვის იქნება სასარგებლო“, – განუცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს.