ვერავინ ვერ მეტყვის, რომ ერთი ნორმა მაინც დაირღვა ამ პროცესში

ვერავინ ვერ მეტყვის, რომ ერთი ნორმა მაინც დაირღვა ამ პროცესში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, არ შეიძლება სახელებს და გვარებს მოარგო კონკრეტული რეგულაციები და ამის მიხედვით იყოს შემუშავებული კრიტერიუმები.

„უნდა დაკონკრეტდეს, რას გულისხმობს ღია კონკურსი. დეტალებზე საუბრისგან მე თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ ეს უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ჩვენი პოზიციები და ჩვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, იმ პროცედურაშიც კი, რომელიც ჩვენ გავიარეთ კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით, საბჭოს მოქმედ წევრებს – მე და დიმიტრი გვრიტიშვილს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიგვიღია და ეს გადაწყვეტილება ჩვენს გარეშე მიიღეს. რაც შეეხება იმ განცხადებებს, რომლებიც გვესმის, ეს არის უკვე პროცესების პერსონებზე მორგება, რაც ცალსახად არასწორია და ამას გაეცემა არგუმენტირებული პასუხი. არ შეიძლება სახელებს და გვარებს მოარგო კონკრეტული რეგულაციები და სახელებით და გვარების მიხედვით იყოს კრიტერიუმები შემუშავებული. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ მოქმედი კონსტიტუციის საფუძველზე და ვერავინ ვერ მეტყვის, რომ ერთი ნორმა მაინც დაირღვა ამ პროცესში. უახლოეს მომავალში გაიმართება ფართო ჩართულობით სამუშაო შეხვედრა, სადაც დეტალები დაზუსტდება კრიტერიუმებთან მიმართებაში. რაც შეეხება ზოგადად მიმდინარე პროცესებს, მინდა განვაცხადო, რომ ბოლო პერიოდში განხორციელდა არაერთი რეფორმა, რათა სასამართლო სისტემას ჰქონოდა რეალური დამოუკიდებლობა, რაც მიღწეული იქნა. საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც უპრეცედენტო გარანტიებს ქმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის, თუმცა დღეს გვესმის სინანულის ტონით გამოთქმული განცხადებები ამ რეფორმებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს ძალიან არასწორია“ , – განაცხადა მიქაუტაძემ.