„სინოდის სხდომა იყო 27 დეკემბერს. სინოდმა გადაწყვიტა, რომ ამ საკითხზე მსჯელობას შემდგომ სინოდზე გააგრძელებს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ეპისკოპოსები ამ საკითხთან დაკავშირებით არ ჰქონდათ ერთი შეხედულება და ერთი აზრი“, - აღნიშნავს კიკეთის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „რეზონანსთან“ საუბრისას.
უკრაინის ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქისაგან ავტოკეფალიის დამადასტურებელი ტომოსი მიიღო, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ოფიციალური განცხადება ჯერ კიდევ არ გაუკეთებია. შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოსებმა უკრაინის ეკლესიას ტომოსის მიღება მიულოცა.
„ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია იყოს, რამეთუ იგი საუკუნებია იბრძოდა მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია, აგრეთვე მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს", - წერია შემოქმედელი მიტროპოლიტის განცხადებაში.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, ამიტომაც მიტროპოლიტის განცხადებაში ახალი არაფერია.
„ის, რომ მეუფემ თავისი დამოკიდებულება გამოხატა, არ არის სიახლე. ასევე არსებობს სხვა დამოკიდებულება და ესეც არ არის სიახლე. ეს ახალს არაფერ ნიშნავს," - დასძინა დეკანოზმა.
შეგახსენებთ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა 5 იანვარს ხელი მოაწერა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამატასტურებელ ტომოსს და მართმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხადაჭერისკენ მოუწოდა.