შეცვლის თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების სიას

შეცვლის თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების სიას

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის ფორმალური ჩაგდება მოხდება, შუალედურ გამარჯვებად შეაფასა.

შესაძლებელია თუ არა, რომ სიის ფორმალური ჩაგდების შემდეგ იუსტიციის საბჭომ პარლამენტს კვლავ იგივე სია წარუდგინოს? ამასთან დაკავშირებით ჯანეზაშვილი წინასწარ პროგნოზს ვერ აკეთებს, თუმცა, რადგან პალამენტმა დათმო, იმედს იტოვებს, რომ ეს არ მოხდება.

„დღეს მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა და შევაფასებ როგორც შუალედურ გამარჯვებას. ამ ეტაპისთვის ეს არის ნამდვილად გამარჯვება, თუმცა, მნიშნველობვანია მერე როგორ გაგრძელდება პროცესი. მე იმედს გამოვთქვამ, რომ რადგან პარლამენტმა ეს ნაბიჯი უკვე გადადგა, შეიქმნება ისეთი მექანიზმი, რომ პარლამენტს იგივე სია აღარ წარედგინოს.

„ბუნებრივია, აქვთ სურვილი, რომ ისინი კვლავ იყვნენ სიაში. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი პროცედურა შემუშავდება და რა პოლიტიკური პროცესები წავა. უნდა შემუშავდეს ისეთი პროცედურები, რომ ამ სიაში იგივე კანდიდატები არ მოხვდნენ.

„დაზუსტებით წინასწარ საუბარი ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ პარლამენტმა დათმო," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონის მიხედვით, წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის გაწვევა შეუძლებელია, თუმცა მას პარლამენტი ფორმალურად ჩააგდებს. სიის ჩაგდების შემდეგ, პროცედურებისა და კრიტერიუმების შემუშავდება და იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს მოსამართლეთა ახალ სიას წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდში მიმდინარე დაპირისპირების მიზეზი სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიას უკავშირდება. 10 კაციანი სიის გამო მმართველი გუნდი ორ ნაწილად გაიყო. ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პოსტი აღნიშნული სიის გამო დატოვა. ბესელიას ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ღიად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბესელია გუნდისა და გუნდურობის წინააღმდეგ წავიდა.