ბესელიამ შეიძლება ივანიშვილის დაარტყას... იგი შეგუებულია აზრს, რომ „ოცნებიდან“ გაუშვეს

ბესელიამ შეიძლება ივანიშვილის დაარტყას... იგი შეგუებულია აზრს, რომ „ოცნებიდან“ გაუშვეს

„საინტერესო იქნება ბესელიას მოსმენა, რადგან იგი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია და მის მიერ გაჟღერებულმა ინფორმაციებმა შეიძლება არა მხოლოდ პარტიის, არამედ ივანიშვილის იმიჯზეც იმოქმედოს“, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ეკა ბესელიას მუქარანარევ პასუხს ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ იგი ორშაბათს გაახმოვანებს პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირებაზე თავის პოზიციას და ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს.

„ბესელია მზად არის გამწვავებაზე წავიდეს. როგორც ჩანს, მას ბოლო წუთამდე ჰქონდა იმედი, რომ ივანიშვილი მას და მის გუნდს არ გაწირავდა, მაგრამ მისი განცხადების შემდეგ მიხვდა, რომ ეს ბრძოლა ივანიშვილის კარზე წაგებული აქვს. ფაქტიურად, შეგუებულია აზრს, რომ „ქართული ოცნებიდან“ გაუშვებენ, ამიტომაც გადაწყვიტა ნათელი მოფინოს იმ მოვლენებს, რომელიც მმართველ გუნდში დღეს არსებობს.

„რა თქმა უნდა, საინტერსო იქნება მისი მოსმენა, რომელმაც შეიძლება პროცესები სხვა სიბრტყეში გადაიყვანოს და მნიშვნელოვან მოვლენებს დაუდოს საფუძველი. მის მიერ სააშკარაოზე გამოტანილმა ინფორმაციამ შეიძლება არა მხოლოდ პარტიის, არამედ ივანიშვილის იმიჯზეც იმოქმედოს.

„საზოგადოებამ ნაწილობრივ მაინც იცოდა ივანიშვილის როლზე პარტიაში, მაგრამ ვინ იყო ივანიშვილის შემდეგ გადაწყვეტილებების მიმღები მმართველ გუნდში, ამის გაგება საინტერსო იქნება. „ოცნება“ აქამდე როგორღაც ახერხებდა ერთობის შენარჩენებას, მაგრამ ამის გაკეთება ამ ჯერზე გაუჭირდება, მითუმეტეს, თუ ბესელია და მისი გუნდი ოპოზიციაში გადავა, ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს "ქართულ ოცნებას", - განაცხადა „რეზონანსთან“ კორნელი კაკაჩიამ.