რუსი დეპუტატი, რომელიც ცხინვალში იმყოფებოდა, თბილისში შემოუშვეს

რუსი დეპუტატი, რომელიც ცხინვალში იმყოფებოდა, თბილისში შემოუშვეს

რუსი დეპუტატი არსენ ფაძაევი 9-10 იანვარს თბილისში იმყოფებოდა. "ნეტგაზეთის" ინფორმაციით, გასულ წელს ის იმყოფებოდა ცხინვალშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მან სავარაუდოდ დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

არსენ ფაძაევი არის რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრი ჩრდილოეთ ოსეთიდან. წინა წლებში იყო "ედინაია რასიას" წევრი და რუსეთის პარლამენტის რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, 2000 წლის არჩევნებზე კი, ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი ჩრდილოეთ ოსეთში.

უცნობია, დატოვა თუ არა უკვე საქართველო რუსმა დეპუტატმა, თუმცა ინსტაგრამზე მის მიერ გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით ფაძაევი 9-10 იანვარს თბილისში იმყოფებოდა.

რუსი დეპუტატი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 1988 წელს თავისუფალ ჭიდაობაში, ინსტაგრამზე წერს, რომ თბილისში მეგობრების მიწვევით ჩამოვიდა თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონატზე დასასწრებად. ინსტაგრამზე ის ქართულ-რუსულ მეგობრობაზე წერს და ორ ვიდეოს აქვეყნებს, რომლებზეც ქართველი სპორტსმენები არიან ასახული.

"ეს ხალხი, როგორც ბევრი სხვა, ძალიან თბილად საუბრობს რუსეთსა და ოსეთზე, ყოველთვის მოუწოდებენ ძმური და მეგობრული ურთიერთობებისკენ. მე მათ სრულიად ვუჭერ მხარს. სპორტი აერთიანებს!"- წერს ფაძაევი.