"მეფისტოფელთან დადებულ ხელშეკრულებას ფაუსტისთვის მოჰყვა რაღაც სარგებელი, მაგრამ..."

პარტიის - "სახელმწიო ხალხისთვის" თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე სოციალურ ქსელში "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. "პრაიმტაიმი" მაჭუტაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

"სავსებით ბუნებრივია ოლიგარქიული ვითარებისთვის ის, რაც ხდება “თი ბი სი” ბანკის და მისი დამფუძნებლების გარშემო.

ვაჟას ცნობილი სიტყვები “ბილწს არ შევეკვრი ზავითა” არამხოლოდ მორალური და ზნეობრივი კატეგორიაა, არამედ სავსებით პრაქტიკული სიბრძნეც - გავიხსენოთ, მეფისტოფელთან დადებულ ხელშეკრულებას ფაუსტისთვის მოჰყვა რაღაც სარგებელი, მაგრამ საბოლოოდ სამუდამო დაღუპვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და დაიღუპებოდა კიდევაც, რომ არა ე.წ. საღმრთო შემთხვევითობა, სულიერი სამყაროს და კოსმიური სიყვარულის მოქმედება.

ივანიშვილთან ხელშეკრულება არ არის იოლი საქმე - იგი სისხლით, ამ განსაკუთრებული წვენით ხელმოწერას მოითხოვს, რასაც აუცილებლად მოჰყვება ლოგიკური შედეგი - გარდაუვალი დაღუპვა საუკუნოდ. აქაც ერთია მხოლოდ საიმედო - ისევ ის “საღმრთო შემთხვევითობა”, რომელიც ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ განზომილებაში იკითხება, როგორც მოქალაქეობრივი და პოლიტიკური შეგნება, რომელიც განპირობებულია საჯარო ინტერესით, რომ დაცული იქნას ყველა სივრცე და ობიექტი, რომელსაც დაემუქრება მმართველობითი მონსტრი და რომელსაც აქვს შინაგანი რესურსი ზიანი მიაყენოს თავად ამ მონსტრს.

“თი ბი სი” თავისთავად ცხადია, ფაუსტის ფინანსურ თუ საზოგადო რევერსად არ აღიქმება, მაგრამ მისი განადგურების სურვილი იკვებება ოლიგარქატის მიერ ყველაფრის შთანთქმისა ბოლომდე. მისთვის აღარ არის საკმარისი მორჩილება, თუნდაც სრული. იგი საჭიროებს სრულ შერწყმას, სრულ შეთქვეფას ამ ანტიპოლიტიკურ და სავსებით ანტისახელმწიფოებრივ სხეულში. ყველაფერი უნდა იყოს თვითონ, რაც უნდა და რაც არ უნდა იყოს. აი, დღევანდელი საქართველოს ვითარება არის ასეთი.

ეს პროცესი თავისთავად განიჭვრიტებოდა მაშინ, როდესაც “ომეგას” საქმე გახდა ჩვენთვის ცნობილი და როდესაც მას ან ბანკისგან სოლიდარობის ნაცვლად დაგმობა შეხვდა, სამართლის თქმის მაგიერ კი, ტყუილი. თუმცა, ეს არ ცვლის იმ რეალობას, სადაც “თი ბი სის” ხელმძღვანელები ერთ-ერთი მთავარი მოწმეები არიან ამ საერთაშორისო რეზონანსის მქონე საქმეში, საქმეში, რომელმაც სრულად გააშიშვლა რეჟიმი.

ეს პროცესი მაშინაც ჩანდა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაავრცელებინეს ვანცხადება ბანკის ხელმძღვანელობას, რომლითაც ცალსახად მხარდაჭერილი იქნა ოლიგარქიული რეჟიმი.

მაგრამ ეს დღეს არ ცვლის იმ რეალობას, რომლითაც ჩვენ რაღაცნაირად ვართ იმ მხარეს, რომელსაც წარმოადგენს ბანკი. მართლაც უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტი. მისი განადგურება ივანიშვილს უფრო ძლიერს გახდის და უფრო წარმოადგენს მას, როგორც ერთპიროვნულ საფრთხეს ქართული სახელმწიფოს და მისი დემოკრატიის მომავლის მიმართ. დიახ, მომავლის მიმართ, რადგან დღეს ასეთი რამ არ არსებობს.