"სამარცხვინო ფარისევლობა და ჭორაობა" - გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას "სამარცხვინო ფარისევლობას“ უწოდებს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გიგი უგულავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"სამარცხვინო ფარისევლობა და ჭორაობა "ოცნების“ შიგნით, სკამების განაწილებაზე. ხალხს აინტერესებს ეს უვადო მონსტრები დაინიშნებიან თუ არა მოსამართლეებად. წერტილი. ამ განცხადებიდან კარგად ჩანს, რაც ისედაც ვიცოდით - ეს სია ივანიშვილმა წარმოადგინა და არსად არავის გაუწვევია. ეს წითელი ხაზია! თუ გვინდა შედეგი ამ საკითხზე, უნდა მოვახდინოთ ზეპარტიული სამოქალაქო კონსოლიდაცია“, - აცხადებს უგულავა.

შეგახსენებთ, "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილმა დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და ეკა ბესელია გუნდის და გუნდურობის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა.