"ხაზარაძე ადამიანურად არ იმსახურებს თანაგრძნობას, თუმცა სამართლებრივად ეს საქმე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „თიბისი ბანკის“ გარშემო დაწყებულ ხმაურიან და სკანდალურ საქმის დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სააკაშვილის განცხადებით, ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე თანადგომას არ იმსახურებს, რადგან ივანიშვილის ხელისუფლების გამყარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.  

"ხაზარაძე ადამიანურად არ იმსახურებს თანაგრძნობას, ვინაიდან პირადად შეიტანა დიდი წვლილი იმაში, რომ ივანიშვილი თავზე მოჯდომოდა ქვეყანას. თუმცა, სამართლებრივად ეს საქმე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. 2019 წელს 2008 წლის ამბებზე “საქმის შეკერვა" ივანიშვილის კანტორად ქცეული პროკურატურისთვისაც კი ყველა ჩარჩოებს სცდება. ივანიშვილს ამოძრავებს მხოლოდ ერთი ინსტიქტი - დარჩეს ქვეყანაში ერთადერთ მძარცველად და მევახშედ. და თუ ეს გამოუვიდა, ძარცვის მასშტაბები მხოლოდ გაიზრდება. ამიტომ, ამ საქმეში, ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლის უზენაესობის მხარეს, რადგან სანამ ივანიშვილი არსებობს, სამართლის უზენაესობა მიუღწეველ ფანტაზიად რჩება. დიაგნოზი იგივეა რაც ადრე, დაავადების განსაკურნად სასწრაფოდ საჭიროა ამ პარაზიტის მოკვეთა, რითაც ყველანი ვიქნებით დაკავებული წელს“, - წერს სოციალურ ქსელში სააკაშვილი.

ცნობისათვის, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ბანკის, "თიბისი ბანკის" საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით,  გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.