"ოცნების შიგნით თუ წინააღმდეგობა გამწვავდა, რა თქმა უნდა ეს მის იმიჯზე იმოქმედებს და ამას ოპოზიცია თავის სასარგებლოდ გაიმოიყენებს, ამიტომ უნდა იყვნენ ფრთხილად" - ასე აფასებს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებს.
"უმრავლესობის შიდა სამზარეულოს არ ვიცნობ და ამიტომ მოვლენების შეფასება გამიჭირდება, მაგრამ რაც ზედაპირზე ჩანს, ჯანსაღი პოცესი არ არის და "ოცნებაში" ერთმანეთთან შეთანხმება გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში უჭირთ.
"რაც შეეხება სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს და მასთან დაკავშირებულ მსჯელობას, ეს მართლაც მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ მიღებული უნდა იქნას ისეთი კანონი, რომელიც ამ სისტემის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. ჩემი თვალთახედვით, მთავარი არ არის, ვინ გაიმარჯვებს შიდაპარტიულ ბრძოლებში, ვის დარჩება უმრავლესობა ან ვინ დარჩება უმცირესობაში, მთავარია პრობლემები მოგვარდეს, და ეს შეიძლება "ოცნების" შიგნითაც მოხდეს თუ სწორ პოზიციას დაიკავებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ასე გაგრძელდა, იმ ხალხს, რომელთაც ერთმანეთთან მიუღებლობა აქვთ, მომავალში თანამშრომლობა გაუჭირდებათ. ეს კი იმოქმედებს როგორც "ოცნების" იმიჯზე, ასევე ოპოზიციაც თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ამიტომ უნდა იყვნენ ფრთხილად" - განაცხადა "რეზონანსთან" გიორგი ოთხმეზურმა.