"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პრეპარატ "ტამიფლუზე" ფასების ზრდას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ტამიფლუს ფასებზე:
მაღალი მოთხოვნის გამო შეიქმნა ამ პრეპარატის დეფიციტი.
მომწოდებლებმა გაზარდეს ფასები.
ეს არის არა უბრალოდ ნორმალური, არამედ სწორიც.
პირველი სცენარი:
ერთ შემთხვევაში მომწოდებლები არ ზრდიან ფასს. დეფიციტური პროდუქტი ხვდება მათ ვინც პირველი მიდის აფთიაქში. ყველა შემდეგი მიმსვლელი რჩება ხელცარიელი. მათში ვისაც შეხვდა პრეპარატი, უმეტესობა ისეთია ვისთან შედარებითაც უამრავ სხვა ადამიანს უფრო სჭირდება ის და მზად არის მეტი გადაიხადოს (მაგრამ პრეპარატი აღარ არის გაყიდვაში).
ეს სამართლიანია?
მეორე სცენარი:
დეფიციტის გამო მომწოდებელი ზრდის ფასს. პრეპარატს ყიდულობენ ისინი, ვინც ფიქრობს რომ მისთვის ის უფრო აუცილებელია და მზადაა მასში მეტი გადაიხადოს.
ცხადია მეორე სცენარის შემთხვევაშიც აღმოჩნდებინ ადამიანები რომლებისთვისაც პრეპარატი მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერ იყიდიან ფასის გამო.
მაგრამ მეორე სცენარი მაინც უფრო სამართლიანია ვიდრე პირველი.
რა შეიძლება იყოს ალტერნატივა?
რაღაც ბრძენი ორგანო, რომელიც დაადგენს დროის კონკრეტულ მომენტში ვის უფრო მეტად სჭირდება პრეპარატი და მისცემს მას.
ეგეთი ბრძენი ორგანო არ არსებობს. ვერ იარსებებს. და მსგავსი რამის დადგენა შეუძლებელია რადგან ცალკე აღებული ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა შეიძლება იცვლებოდეს ყოველწამიერად, და, შესაბამისად თუ ერთს უფრო სჭირდება პრეპარატი ახლა, 1 წამის შემდეგ მეორეს შეიძლება უფრო სჭირდებოდეს.
ამიტომ, "ბაზარი დაარეგულირებს" არის ყველაზე სამართლიანი შედარებით სხვა ალტერნატივებთან. არა იდეალური, არამედ ყველაზე სამართლიანი და სწორი.
პლიუს, მეორე სცენარის შემთხვევაში, გაზრდილი ფასი არის სიგნალი მომწოდებლებისთვის რომ ამ პროდუქტზე შეიძლება მაღალი მოგების ნახვა, რაც განაპირობებს იმას რომ მომწოდებლები მაქსიმალურად სწრაფად (დასწრებაზეა მოგება) ეცდებიან ბაზარზე შექმნილი დეფიციტის აღმოფხვრას - რითიც იხეირებს მომხმარებელი.
პრობლემა სხვაგანაა:
რატომ არ შეგიძლიათ თქვენ გადაფრინდეთ სადმე და ყუთებით, სწრაფად შემოიტანოთ ტამიფლუ? ან მანქანით გადახვიდეთ თურქეთში და სავსე ყუთებით დაბრუნდეთ უკან 1 დღე-ღამეში? ან გამოიწეროთ და საკურირერო მომსახურებით 2-3 დღეში შემოიტანოთ? ხომ ნახავდით მოგებას და დაეხმარებოდით (შედარებით იაფად მიაწვდიდით პრეპარატს) უამრავ ადამიანს?
თუ მიხვდებით რა გიშლით ხელს, იმასაც მიხვდებით რატომაა ბაზარზე დეფიციტი, რატომ ვერ ყიდულობს ამდენი ადამიანი საჭირო პრეპარატს და რატომ ელოდება როდის შეავსებს მარაგებს აფთიაქებში ჯანდაცვის სამინისტრო.
და მანამ სანამ ამას ვერ ხვდებით, შეეშვით პერეკისზე და ლეღვის ფოთოლზე ღლაბუცს. არც ისე შორს ხართ მაგ ხალხისგან.
პ.ს. "აუ, ქართველები რანაირი ერი ვართ, ნახეთ რა ღირს ტამიფლუ" ხალხი ცალკე ტყეში ხართ. იგივე ხდება სხვადასხვა პროდუქტებზე ყველგან დედამიწაზე სტიქიური უბედურებების დროს. არავიზე ცუდი ერი არ ვართ. აზროვნების უნარი გვაქვს სტატიატიკურად ბევრს დაკარგული საბჭოთა განათლების სისტემის გამო და ასეთი ტიპის კომენტარებიც მხოლოდ ამის დასტურია", - წერს ჯაფარიძე.