ექსპერტ გია ხუხაშვილისთვის გაუგებარია, საიდან გაჟონა ჟურნალისტებთან პროკურატურის მიერ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე ბანკის გარშემო მიმდინარე ძიების შესახებ ინფორმაციამ.
"ვისაც არ უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი, ან არ ესმის რას ეთამაშება, ან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, შეგნებულად ანგრევს ფინანსური სისტემის სტაბილურობას ქვეყანაში მთლიანად, არათუ „თიბისი ბანკში“. რადგან „თიბისი ბანკი“ არ არის ჩვეულებრივი ბანკი, რადგან ის საკმაოდ დიდ სეგმენტზე მუშაობს საქართველოში და ნებისმიერი ასეთი პანიკური მოვლენები, რაც შეიძლება ამ ტიპის გაჟონვას მოჰყვეს, ძალიან რთული პროცესების კატალიზატორი შეიძლება გახდეს.
მოხდა ინფორმაციის გაჟონვა გარკვეული სააგენტოების მხრიდან და მეორე დღეს პროკურატურა სიტყვა სიტყვით იმეორებს იგივეს. ჩვენ არ გვაქვს იმ შემთხვევასთან საქმე, როცა ჟურნალისტი მოიპოვებს ექსკლუზიურ ინფორმაციას, იმიტომ, რომ ჟურნალისტს ფაქტობრივად გამოძიების მასალები ჰქონდა, ერთ-ორი თავისი წინადადება დაამატა.
როგორ ხდება და რატომ გადაიქცა გარკვეულ სისტემად, რომ გამოძიების მასალები აღმოჩნდება ჟურნალისტის ხელში და ისე, რომ არც ესმის რას აკეთებს, ხდება ასეთი პროცესებისთვის ბიძგის მიცემა, რაც შეიძლებოდა დღეს მძიმედ განვითარებულიყო. ეს არის გამოსაძიებელი, ვინ გახდა წყარო, ვინ გადასცა პროკურატურიდან გამოძიების მასალები ჟურნალისტს. რანაირად ხდება ასეთი რაღაცები ამ ქვეყანაში, ძალიან მაინტერესებს“, - აცხადებს ხუხაშვილი.