ამ ამბავს მსხვილი ბიზნესის რუსული სქემით ახევის სუნი ასდის - გვარამია ხაზარაძის სავარაუდო დაჭერაზე

ამ ამბავს მსხვილი ბიზნესის რუსული სქემით ახევის სუნი ასდის - გვარამია ხაზარაძის სავარაუდო დაჭერაზე

"რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის  მამუკა ხაზარაძის სავარაუდო დაჭერას სოციალურ ქსელში  ეხმაურება. გვარამიას თქმით, რუსული სქემით მსხვილი ბიზნესის ახევასთან გვაქვს საქმე.

"სუსის სააგენტოს მიერ დეტალებში მოყოლილი საქმე ხაზარაძის წინააღმდეგ და დღევანდელი პროკურატურის დასტური, გასაგებია რასაც ნიშნავს - იწყება რეპრესიები მსხვილი ბიზნესის წინააღმდეგ.

პირდაპირ ვთქვათ, აქ მოყოლილ ფაქტებს თუ საქმედ შეკერავს პროკურატურა (და ფაქტია, რომ ამის ყველა ნიშანი სახეზეა), ყველა აქ მოხსენიებული პირი, თიბისი ბანკის მაღალჩინოსნები და ბიზნესმენი ავთო წერეთელი, თაღლითობის, მითვისების და/ან ფულის გათეთრების სქემის მონაწილედ გამოცხადდებიან და, დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, წინასწარ პატიმრობაში აღმოჩნდებიან. გაგრძელება მარტივი წარმოსადგენია თადუმაძის პროკურატურაში და მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოში.

სერიოზულად საგანგაშო ვითარებაა და რუსული სქემით (იუკოსის, მაგალითად) მსხვილი ბიზნესის ახევის სუნი ასდის! ივანიშვილის მხედრიონიზირებული ავტოკრატია ტოტალიტარული ტერორის ნიშნებს იძენს!“, - წერს გვარამია.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს მილიონობით დოლარის გათეთრებისა და მითვისების გამო შესაძლოა,  ბრალი წარუდგინონ.