გთავაზობთ “ტაბულას” გენერალური დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის “ფეისბუქ” პოსტს, რომელიც მისი მეუღლის, “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას მისამართით თავის დროზე გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას შეეხება:
“რადგან დეზინფორმაცია და ცილისწამება თემაა და პატრიარქიც შეეხო საშობაო ეპისტოლეში, ერთ ცილისწამებას გავიხსენებ (მრავალთაგან), რომელიც ჩემს ოჯახს შეეხო.
მითუმეტეს, ლუგარის ლაბორატორიის დემონიზაციის ახალ ტალღასაც ეხმიანება ირიბად.
2007 წლის ბოლოს გავრცელდა ყალბი ამბავი, რომ გიგა ბოკერია პატრიარქს შეხვდა, პოლიტიკური მხარდაჭერა მოსთხოვა და უარი რომ მიიღო, მოხუც ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდა. შედეგად, ღმერთმა დასაჯა, საპატრიარქოდან გამოსული, კიბეზე დააგორა და კიდურები მოტეხა.
ამის პარალელურად, დიდი ხანი მუშავდებოდა და დღესაც მუშავდება მითი, რომ ბოკერია შეერთებული შტატების აგენტია (რომ დაგუგლოთ, მილიონ სიგიჟეს იპოვით ამ თემაზე).
რითია ლუგარის ლაბორატორიაზე შეთხზულ მითზე ნაკლები?
პრინციპი ერთია – ამერიკა “ქართველობის” მტერია
ა) ბოროტი ამერიკელები ლუგარის ლაბორატორიაში გრიპის ვირუსს ამზადებენ და გვხოცავენ.
ბ) ამერიკის ბოროტი აგენტი ბოკერია, ქართველი ერის სულიერ მამას სცემს.
ავტორიც ერთია – კრემლი
განსხვავება ისაა, რომ დღეს რუსული პროპაგანდა საერთაშორისო თემაა. ამერიკელებს შეეხო და იმიტომ – ხატოვნად რომ ვთქვა და ისტორიული პარალელი მოვიხმო, “პერლ ჰარბორი დაიბომბა” რუსული პროპაგანდით. ამიტომ ცნობიერებაც გაზრდილია, ხალხის მიმღებლობაც. უკვე ბევრი დასავლური ფული იხარჯება ამაზე.
სხვათაშორის, საპატრიარქო გამოეხმაურა მაშინ ამ ცილისწამებას – განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, “ბოლო თვეებში ბატონი გიგა ბოკერია საერთოდ არ სწვევია საპატრიარქოს და ინფორმაცია, თითქოს ბატონ გიგა ბოკერიას რაღაც ინციდენტი შეემთხვა საპატრიარქოში, არ შეესაბამება სინამდვილეს”.
მაგრამ სანამ სიმართლე შარვალს იცმევდა, შიშველმა ტყუილმა მთელი ქვეყნის მორბენა მოასწრო .
P.S. იმასაც დავამატებ, რომ ბოკერიას პოლიტიკური გუნდი 9 წელი იყო მთავრობაში და ცილისწამების კრიმინალიზება არათუ აზრად არ მოსვლია, თავად გააუქმეს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე”, – წერს ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” გვერდზე.