საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის შეფასებით „ქართული ოცნება" ლპობის პროცესშია და მათთვის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.
„მმართველ ძალაში განხეთქილება არ გამკვირვებია, რადგან ვადის ამოწურვისკენ მსგავს სახელისუფლებო ფსევდო პარტიებში შიდა პრობლემები ხშირად იჩენენ თავს. ასე იყო „მოქალაქეთა კავშირშიც", „ნაციონალურ მოძრაობაშიც" და ასეა „ქართულ ოცნებაშიც", - განაცხადა ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრმა „რეზონანსთან" საუბრისას.
მისი აზრით, სხვადასხვა იდეოლოგიის გამო კოალიციების უმრავლესობა მალევე იშლება. დაშლილ პარტიებს მარტო დარჩენის შემდეგაც არ მოსწონთ განსხვავებული აზრი, რის შედეგადაც „იფუშებიან" და კატასტროფულად აგებენ არჩევნებს.
„რაც შეეხება პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვას, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არანაირ ცვლილებას ესენი აღარ აპირებენ. ისიც ფაქტია, რომ არ არსებობს ორი ფრთა", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე აზრით, კობახიძე და თავისი კამპანია პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებს, ხოლო ეკა ბესელიამ ამოწურა საკუთარი ფუნქცია ივანიშვილის კარზე, როგორც სხვა რამდენიმე დეპუტატმა. ზუსტად ამიტომ მათ მოუწიათ წასულიყვნენ პოლიტიკიდან.
„თავისთავად პარტია ლპობის პროცესშია, რაც ქვეყანაზე იქონიებს გავლენას. ქვეყანაში ისედაც არ არის არაფერი კარგად, მაგრამ ვიცი, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს „ქართული ოცნება" დასუსტებული შეხვდება", - ამბობს დავით ბერძენიშვილი.