ტრაგიკული ამბავია დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე, ეკლესიაში ე.წ კრიზისის ნიშნებია – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის საშობაო მიმართვაშია ნათქვამი.
მეუფე გრიგოლის თქმით, სასულიერო პირთა შორის მიმდინარე დაძაბული ურთიერთობები მრევლის პოლარიზებას იწვევს.
"ჩვენ კვლავ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ ეკლესიაში ვხედავთ ე.წ. კრიზისის გარკვეულ ნიშნებს, რომელთა შორისაა თუნდაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე, ტრაგიკული ამბავი, რომელიც "დამოკლეს მახვილივითაა“ ეკლესიის თავზე. საერთო ფონს, სამწუხაროდ, ამძაფრებს დაძაბული ურთიერთობები სასულიერო პირთა შორის, რაც მრევლის პოლარიზებას იწვევს; ეს მდგომარეობა მძაფრად წარმოჩინდება სოციალურ ქსელებზე დაკვირვებისას, ხოლო დროდადრო დაპირისპირებები თავს იჩენს ხოლმე საჯარო სივრცეშიც. არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი მაგალითების სპექტრი მომავალში კიდევ უფრო "მრავალფეროვანი“ გახდეს! ყოველივე ამის მიზეზებს კი ჩვენ ვხედავთ არა რომელიმე პიროვნების პირად, კერძო, ვიწრო პარტიკულარულ ინტერესებში, არამედ იმაში, რომ ჩვენ დღემდე ვერ შევძელით ერთიანი საკომუნიკაციო სივრცის შექმნა საერთო ღირებულებების ირგვლივ!“, – ნათქვამია მეუფე გრიგოლის საშობაო მიმართვაში.
მეუფის თქმით, საზოგადოებამ ვერ შექმნა საკომუნიკაციო საშუალება, რომლითაც თავიდან აიცილებს ისეთ პრობლემებს, რომლებიც ამჟამად ეკლესიის წინაშე დგას.
"ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მოსმენა, გამოთქმული აზრების ზუსტად გაგება და საღი აზრის პატივისცემა. საერთო ენის გარეშე ვერ შევძლებთ ერთმანეთის გაგებას, ვერც საერთო სარწმუნოებრივ და სახელმწიფოებრივ ღირებულებებზე შევთანხმდებით და ვერც ჩვენს წინაშე არსებული პრობლემებს გადავჭრით. ასევე, ვფიქრობთ, რომ სინოდთან არსებული დარგობრივი კომისიების გააქტიურება ხელს შეუწყობს საერთო მდგომარეობის გაჯანსაღებას და შესაძლებელს გახდის ერთიანი ხედვის შემუშავებას თანამედროვეობის იმ აქტუალური პრობლემების თაობაზე, რომელიც ეკლესიის წინაშე დგას. თუკი ეს მოხდა, მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ მეტად რთულსა და ეკლიან გზაზე!“ - ნათქვამია მეუფეს საშობაო გზავნილში.