"მსოფლიო დაუცველობის განცდამ სწორედ იმიტომ მოიცვა, რომ პიროვნება თავისი თავის იმედად დარჩა და შემოქმედი დაივიწყა"

ცალკეული ადამიანი და მთელი მსოფლიოც დაუცველობის განცდამ სწორედ იმიტომ მოიცვა, რომ პიროვნება თავისი თავის იმედად დარჩა და შემოქმედი დაივიწყა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში საუბრობს.

"ბედნიერია ის, ვის გულშიც ღმერთმა თვისი ძის სული გამოავლინა (გალატ.4,6) და აღავსო იგი ჭეშმარიტი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. ასეთი პიროვნებისთვის აღარ არსებობს შიში ხვალინდელი დღისა, აღარ არსებობს შიში განსაცდელისა და თვით სიკვდილისაც, რადგან იცის და სწამს, რომ ,,ღვთის მოყვარულთ ყოველივე სასიკეთოდ წარემართებათ...~ ხოლო ,,თუ ღმერთი ჩვენსკენ იქნება, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ” (რომ. 8, 28,31)!

ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, ყოველნო ერნო, - ჩვენთვის `იშვა ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი,~ ჩვენს ყველა სენთა და ტკივილთა  დიდი მკურნალი.

ბეთლემის ბაგას ვარსკვლავი დასდგომია; ვიჩქაროთ, რომ თაყვანი ვსცეთ ჩვილ იესოს, - აბრაამის აღთქმის განცხადებას, მოსეს რჯულის დასრულებას, ახალ პასექსა და ახალ ადამს, პურს ცხოვრებისას და ნათელს სოფლისას, ძეს ღვთისას და ძეს კაცისას, გზას, ჭეშმარიტებასა და სიცოხლეს.

შორებელთა და ახლობელთ გვიხმობს ღმერთი ჭეშმარიტი, გვიხმობს ხანდაზმულთ და ყრმებს, ახალგაზრდებს, გვიხმობს დამცირებულთ და შეურაცხყოფილთ, ქვრივ-ობლებს, განსაცდელში მყოფთ, მდიდართ და გლახაკთ,  ჩინებულთ და უჩინოთ, ერსა და ბერს.

არა აქვს მნიშვნელობა, მისკენ ჩვენი გზის სავალი ბეთლემელი მწყემსებივით ხანმოკლე იქნება, თუ მოგვებივით ხანგრძლივი, მთავარია ვპოვოთ იესო, ვპოვოთ ყოვლადწმინდა მარიამი, ჩვენი გამორჩეული მფარველი, და აღარც განვეშოროთ მათ სიცოცხლის ბოლომდე.

იესო ქრისტეს მოწყალებით, ღვთისმშობლის მეოხებით, ღმერთმა ბედნიერი შობა-ახალი წელი მომადლოს თითოეულ თქვენგანს, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს", - აღნიშნულია ეპისტოლეში.