"არ ვიცნობ დეკანოზ გიორგი მამალაძეს. არც ის ვიცი, რამდენად დამნაშავეა ან უდანაშაულო. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ საპყრობილეში მისი ყოფნა, მითუმეტეს "მკვლელობის მცდელობის" ბრალდებით, დამნაშავეა თუ უდანაშაულო, ჩვენი სირცხვილია მთლიანობაში", - ამის შესახებ განცხადებას დმანისი-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი აკეთებს.
მეუფე ზენონი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეკლესიაში და ზოგადად საზოგადოებაშიც, ეს ხელს შეუწყობს "ღვთივსულიერი მშვიდობის განმტკიცებას".
"თავს ვერ დავაღწევთ იმას, რომ ე.წ ციანიდის საქმე თანამედროვე ეკლესიის წევრთათვის, ქვეყნისთვის წარმოადგენს შავ ლაქას", - წერს სასულიერო პირი ფეისბუქზე და აღნიშნავს იმასაც, რომ ამ საქმემ ბევრს გაუჩინა უსამართლობისა და უნდობლობის განცდა.
მთავარეპისკოპისი მიიჩნევს, რომ დიდი წინაღობა და მუხრუჭია ქვეყნისა და საზოგადოების წინსვლისათვის შერჩევითი სამართალია.
„ე.წ "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებული ყოველი სუბიექტი, აგრეთვე ყოველი ჩვენგანი გავაანალიზებთ თავსდატეხილ განსაცდელს, რადგან მეტ-ნაკლებად პასუხისმგებელი ვართ ყველა ერთად და ავირჩევთ უმჯობესს, რომ სუფთა სინდისით ვიმსახუროთ სასულიერომაც და საერომაც. ზოგადად, დიდი წინაღობა და მუხრუჭი არის ქვეყნისა და საზოგადოების წინსვლისათვის შერჩევითი სამართალი, ხანგრძლივ დროში ესოდენ მახასიათებელი ქართული ყოფისათვის. აქვე დავსძენ, რომ არ არსებობს განსაცდელი რომელშიც არ იძებნება გამოსავალი: სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი, რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლს ემეფა სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ".