იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ვანო ზარდიაშვილს ვერ დავუტოვებდი, - ამის შესახებ პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელიც დღეს კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა.
ბესელიას განმარტებით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ მას შემდეგ მიიღო, რაც თანამდებობის დატოვების თაობაზე ვანო ზარდიაშვილის განცხადება ჩაიბარა.
„დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. ეს განცხადება მივიღე დღეს და ამის შემდეგ ვაკეთებ განცხადებას გადადგომის თაობაზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც ცნობილია, „ინტერპრესნიუსი“ ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში წერდა, რომ მმართველ გუნდში ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის საკითხს განიხილავდნენ. სააგენტოს ინფორმაციით, ბესელია პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლებს. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე კი ანრი ოხანაშვილსა და დავით მათიკაშვილის კანდიდატურები განიხილება.