საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია მიესალმება, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილება კანონში ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების შესახებ. ამის მიუხედავად პირველი პრეზიდენტის შვილები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ. როგორც ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, იქამდე იშიმშილებენ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებას აპირებს.
„რით არის ესოდენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობის პირების მკვლელობის გამოძიება? ამ კითხვაზე პასუხისთვის საჭიროა გავიგოთ, რა შედეგს იწვევს ეს და რატომ კლავენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის სიკვდილი, როგორც წესი, ცვლის ქვეყნის განვითარების გეზსა და ვექტორს! ეს განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყანაში, სადაც არ არსებობს ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს თანამდებობის პირი არის მკაფიოდ გამოხატული ლიდერი, რომელზეც დამოკიდებულია ხსენებული გეზის წარმატებულობა.
ვის აწყობს საქართველოს პოლიტიკური გეზის ცვლილება და დამუხრუჭება? მოგეხსენებათ, ახლოს გვყავს ძალზე დიდი და ვერაგი მტერი, რომლის ინტერესებთანაც ეს არის დაკავშირებული.
ამავე დროს, მსგავსი საქმეების გამოძიება - არგამოძიება მნიშვნელოვნად განაპირობებს სამართლისა და კანონის უზენაესობის განვითარებას. როგორც მინიმუმი, ასეთი საქმეების არგამოძიება იწვევს ადამიანებში სრულ სამართლებრივ ნიჰილიზმს: ასეთ ამბავს თუ არ იძიებენ, მე რაის იმედი მქონდესო...
ახლა არ ვსაუბრობ ამ საქმის მორალურ, ისტორიულ ასპექტებზე და პირად ტრაგედიაზე.
მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილება კანონში ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების შესახებ. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვიბრძვით ვადის გასაგრძელებლად! ჩვენი პროტესტი და შიმშილობა გაგრძელდება, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლება აპირებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას და საქმე არ დარჩება იგივე კალაპოტში“, - წერს ცოტნე გამსახურდია.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები მტავარ პროკურატურასთან მე-9 დღეა შიმშილობენ. ისინი მამის მკვლელობის საქმის გამოძიებას მოითხოვენ.