ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა საერთაშორისო კონკურს The Global Teacher Prize 2019-ის ფინალში გავიდა, ნათქვამია ღონისძიების ვებ-გვერდზე.
2017 წელს აფხაზავამ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" მოიპოვა, რამაც მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო კონკურსში The Global Teacher Prize, რომლის ფარგლებში მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილ მასწავლებელს ყოველწლიურად ერთი მილიონი დოლარის ოდენობის ფულად ჯილდოს გადასცემენ. წელს ამ პრიზისთვის აფხაზავას გარდა კიდევ 49 ფინალისტი იბრძოლებს.
ვლადიმერ აფხაზავა 1976 წლის 9 იანვარს, სოფელ ნიგვზიანში დაიბადა. 1993 წელს დაამთავრა სოფელ ნიგვზიანის საშუალო სკოლა, 1999 წელს კი წარჩინებით დაამთავრა ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2010 წლიდან მუშაობს სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად.
ლადოს მთავარი მიზანია - მოსწავლეების აღზრდა აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად, რათა ისინი კრიტიკული აზროვნების მქონე დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. 2003 წელს მან დააარსა ბანაკი, სადაც მოსწავლეებს არაფორმალური ცოდნის მიღება შეუძლიათ. შემდგომში ბავშვებმა ამ ადგილს „ლადოს ბანაკი“ უწოდეს.
ერთ-ერთმა მისმა პროექტმა „ეთნო-რძლები“ საერთაშორისო ჯილდო მიიღო. პროექტი მიზნად ისახავს ტოლერანტობისა და მულტიკულტურალიზმის განვითარებას. მისი მთავარი დევიზია „ბავშვი უპირველეს ყოვლისა“.