საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინათინ ბოკუჩავა ასე ეხმაურება:
"არა და 2000-2004 წლებში Smith College-ში პოლიტიკურ მეცნიერებას რომ ვსწავლობდი, რას ვიფიქრებდი, რომ კარატეზე ან რაიმე სხვა საბრძოლო სპორტზეც უნდა მეარა 2018 წლის ქართული საპარლამენტო ცხოვრებისთვის სათანადოდ რომ მოვმზადებულიყავი", - წერს ბოკუჩავა.
გუშინ, პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებებს მოჰყვა. მელიამ 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების პერიოდი და აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველი გუნდი გააკრიტიკა.
სწორედ მელიას განცხადებების შემდეგ, მას უმრავლესობისა და "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
როგორც ირკვევა, ირმა ინაშვილს ნიკა მელიასთან საუბარი სურდა, რისთვისაც გარეთ გაყავდა, თუმცა ამ დროს უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი მელიას ფიზიკურად შეეხო, რასაც არეულობა მოჰყვა.