ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სააკაშვილის პირადი პატიმრის, თამაზ თამაზაშვილის ადვოკატებმა ლილი გელაშვილმა და შალვა თადუმაძემ გააკეთეს. მათი ვარაუდით, ხელისუფლებამ თამაზაშვილის სახელის დისკრედიტაციის მიზნით, შესაძლოა, ცრუ ვიდეომასალები გაავრცელოს. ადვოკატები პატიმარის ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ყოფნაზე საუბრობენ.
„სულ მალე, კანონიერი მართლმსაჯულების პირობებში, თამაზ თამაზაშვილის უდანაშაულობა აუცილებლად დადასტურდება და საერთაშორისო თანამეგობრობა ნახავს, თუ როგორ სჯიდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანებს დღევანდელი ხელისუფლება,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.