თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, გამოფენა „ხელნაწერთა სინათლე“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო X-XVIII საუკუნეების პერიოდის ყველაზე ღირებული დეკორირებული ხელნაწერები.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი მანუსკრიპტები ხაზს უსვამს შუა საუკუნეებში ბულგარეთის, როგორც კულტურული ცენტრის მნიშვნელობას. „ძალიან საინტერესო გამოფენას სტუმრობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გამოფენა ეხება ჩვენ მეგობარ ქვეყანას - ბულგარეთს. სწორედ ბულგარეთში ითარგმნებოდა სლავურად ქრისტიანული ლიტერატურა და ვრცელდებოდა რუსეთში, სერბეთში და ა.შ. ამდენად, მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის, როგორც კულტურული ცენტრის პოზიციონირება შუა საუკუნეების სლავურ სამყაროში. მსგავსი გამოფენა შარშანაც ჩატარდა და უკვე კეთილ ტრადიციად ჩამოყალიბდა თსუ-ში ამ გამოფენის მასპინძლობა,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დესისლავა ივანოვას თქმით, გამოფენა ეძღვნება ბულგარული კულტურის დღეს, რომელიც 24 მაისს აღინიშნება ბულგარეთში: „მოხარულები ვართ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ჩვენი გამოფენა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ჩატარდა. მოხარულები ვართ,რომ ბევრი დამთვალიერებელი მოვიდა. გამოფენა ეძღვნება დღეს, როდესაც ბულგარელები აღვნიშნავთ ბულგარული კულტურის, განათლებისა და ლიტერატურის დღეს.“
გამოფენა „ხელნაწერთა სინათლე“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 17 მაისამდე გაგრძელდება.