ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი სტუდენტებს შეხვდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სტუდენტებს წაუკითხა საჯარო ლექცია ,,პარლამენტის როლი საჯარო მმართველობის პროცესში“ და ესაუბრა ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებზე.
სტუდენტებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური პერსონალი. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. პარლამენტარმა მოისმინა სტუდენტების მოსაზრებები და პოზიცია ბოლო დღეებში განვითრებულ მოვლენებზე, უპასუხა მათ კითხვებს.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, ,,შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დაგეგმილი გვქონდა პარლამენტის როლზე სასაუბროდ. თემატიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხია იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა შექმნილი სხვადასხვა თემებთან დაკაშირებით, რომელიც ახალგაზრდებისთვის საინტერესოა“.
„სტუდენტები საკმაოდ აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში, გამოხატეს საკუთარი აზრი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და ქვეყნის განვითარების გზებზე. ბევრი საინტერესო საკითხი იყო განხილული. ეს ყველაფერი კეთდება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო ლექციას უმასპინძლა“,- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
დისკუსია საჯარო ლექციების ციკლისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში გაიმართა.