კონკურსი სკოლებში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“

კონკურსი სკოლებში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“

საქართველოს მასშტაბით 27 სკოლის 400-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონკურსის  „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ მეორე ეტაპში. კონკურსი მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!“ ფარგლებში მიმდინარეობს. ღონისძიებას, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პატრონაჟით საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის იმართება, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე თსუ რექტორმა  გიორგი შარვაშიძემ  წაიკითხა ლექცია თემაზე „საუნივერსიტეტო განათლება საქართველოში“, ხოლო  პროფესორ თინათინ მარგალიტაძის ლექციის თემა იყო „თანამედროვე ქართულ ენაში ინგლისური ენის გავლენით მიმდინარე პროცესები და მათი გამომწვევი მიზეზები“.       

„ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“. სასიხარულოა, რომ სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი უნივერსიტეტის იმ პროფესორებს, ვინც წამოიწყო მოძრაობა „არა ბარბარიზმებს“. დღეს ამ მოძრაობამ მართლა მთელი საქართველო მოიცვა. სიმბოლურია, რომ კონკურსში გამარჯვებულები მშობლიური ენის დღეს - 14 აპრილს გამოვლინდებიან და ფინალისტები დაჯილდოვდებიან.“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ პროფესორის თინათინ მარგალიტაძის განცხადებით, „დაინტერესება სკოლებიდან ძალიან დიდია. პრაქტიკულად რეგიონი არ დარჩენილა, რომლის სკოლამაც მონაწილეობა არ მიიღო. ვფიქრობ, რომ მშობლიურ ენაზე ზრუნვა სწორედ ამ ასაკიდან უნდა დავიწყოთ. დღეს გვაქვს მეორე ეტაპი. გვესტუმრნენ სკოლების წარმომადგენლები, პედაგოგები, დირექტორები, მოსწავლეები, კონკურსანტები, რომლეთაც მოისმინეს  საჯარო ლექციები. ამის შემდეგ მათ უნდა დაწერონ ესსე თემაზე: რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას?!“