საერთაშორისო კონფერენცია -

საერთაშორისო კონფერენცია - "მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში"

15 თებერვალს, 11.00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - "მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში" გაიხსნება, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი მარკ ფუმაგალი, ქართველი და უცხოელი პროფესორები, ექსპერტები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 100-მდე მომხსენებელი 17 ქვეყიდან. ღონისძიებაზე ქართველი და უცხოელი ექსპეტები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მულტილინგვური განათლების თეორია და პრაქტიკა; ინტერკულტურული განათლების ასპექტები; მეორე/უცხო ენის სწავლა/სწავლების მეთოდები და სტრატეგიები; ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება; ელექტრონული/დისტანციური სწავლების ასპექტები და მულტიმედია მეორე ენის სწავლა/სწავლების კონტექსტში; ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა მულტიკულტურული განათლებისა და მეორე ენის სწავლების თვალსაზრისით; ენის სწავლების სოციოკულტურული და პრაგმატული ასპექტები.

კონფერენციის მიზანია, განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე  მულტილინგვური  განათლების კონტექსტში.

კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია თსუ ასოცირებული პროფესორი გიული შაბაშვილი. კონფერენციის თანაორგანიზაგორები არიან ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი), სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (საქართველო).

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1,  თსუ პირველი კორპუსი,  აუდიტორია N115