პარტიების უდიდესი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი იყო და ახლაც ერთ ორბიტაში არიან

პარტიების უდიდესი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი იყო და ახლაც ერთ ორბიტაში არიან

აუცილებელი იყო თუ არა, რომ  ცვლილებები შესულიყო საქართველოს კონსტიტუციაში?

ყოველთვის იყო კონსტიტუციის თავის თავზე მორგების მცდელობა წინა რეჟიმის მხრიდან. მერე მოხდა ის, რაც მოხდა და დღეს კარგია, რომ ჩვენ კონსტიტუციაში ცვლილებებს ვახორციელებთ. ამით ბევრი რაღაც გამოსწორდება. შედარებით ფართო კონსესუსის ცვლილებები ხორციელდება დღეს, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია.

რამდენად მისაღებია თქვენთვის  მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები?

მთავარი მომენტია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ის ცვლილებები, რაც შევიდა კონსტიტუციაში, მე ვგულისხმობ მიწის შესახებ შესწორებას, ქორწინების განმარტებას, ეს არის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მისაღები. არის კიდევ რაღაც მომენტები, რომელიც პირდაპირ არ ჩანს. მე პირადად მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის 3%-იანი ბარიერი კარგია, რადგან ჩვენთან არ არის ტრადიციული პარტიები და ვერც იქნება.

რამდენად გაითვალისწინა მმართველმა ძალამ  საკონსტიტუციო კომისიის სხვა მონაწილეებისა არგუმენტები და სახალხო განხილვებზე დასმული მოთხოვნები?

ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არის ფართო კონსესუსის შემცველი. მემგონი, მათ გაითვალისწინეს ყველაზე უფრო მთავარი - ხალხის პოზიცია. კონსტიტუცია ყოველთვის უნდა ასახავდეს მოსახლეობის აზრს.

რა როლი შეასრულა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში პრეზიდენტის ჩართულობაზე უარმა და რამდენად მისაღებია თქვენთვის  გიორგი მარგველაშვილის არგუმენტები?

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ერთ კორპორაციას მივეკუთვნებით, ფილოსოფოსობას ვგულისხმობ, ამიტომ არ მინდა მისი კრიტიკა. მემგონი, ისედაც კარგად ჩანს ჩემი პოზიცია.

როგორ ფიქრობთ, რა გახდა იმის მიზეზი, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ვერ შეძლო საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების დაწყება 4 წლის განმავლობაში, როცა ის საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობდა?

როგორც ჩანს, პრობლემა არის სწორედ ის, რომ უსუფაშვილი ვერ გაერკვა ერთ რაღაცაში, რომ პოლიტიკოსი უნდა ასრულებდეს საკუთარი ხალხის ნებას და არა გარე კონიუნქტურაზე იყურებოდეს. სამწუხაროდ, ამაში მას დაეხმარა რამდენიმე ათეული პოლიტიკოსიც.

საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თავის დროზე  ნაციონალური მოძრაობის მიერ განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსაც   ეწინააღმდეგებოდნენ, რამ განაპირობა მათი ასეთი დამოკიდებულება?

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გასაგებია, რადგან ისინი არასდროს არ აქცევდნენ ხალხს ყურადღებას, პირიქით, მათ უყურებდნენ, როგორც ბნელ მასას, ამიტომ ეს აბსოლუტურად გასაგებია. სხვა პარტიებს რაც შეეხება, უდიდესი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი იყო და ახლაც ერთ ორბიტაში არიან, ასე, რომ აქ გასაკვირი არაფერია.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. როგორ შეაფასებთ მათ პოზიციას?

არასამთავრობოების პოზიცია ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ წინა პარლამენტის დროს, როცა ხდებოდა ცვლილებები, მაშინ არაფერი გააკეთეს. ეს ძალიან საინტერესოა. თუმცა, საბოლოოდ, ესეც არ არის გასაკვირი, რადგან ისინი არიან წარმონაქმნები, რომლებსაც ჩვენ ხალხთან მაინცადამაინც დიდი კავშირი არ აქვთ.