სენატის კომიტეტის კანონპროექტი გმობს იმ უკანონო ქმედებებს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოში

სენატის კომიტეტის კანონპროექტი გმობს იმ უკანონო ქმედებებს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოში

ახალი კანონპროექტიც ძალიან მნიშვნელოვან საქართველოს მხარდამჭერ დებულებებს შეიცავს - ის გმობს იმ უკანონო ქმედებებს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოში, ასევე, გმობს ოკუპაციას და მოუწოდებს რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელიც გმობს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქმედებებს.

დავით ზალკალიანის განცხადებით, უაღრესად პოზიტიურ ტენდენციასთან გვაქვს საქმე, როდესაც რეზოლუციებიდან უკვე კანონპროექტებში გადადის საქართველოს მხარდამჭერი დებულებები.

ზალკალიანის განცხადებით, დოკუმენტს ჯერ კანონპროექტის სახე აქვს და მის მიღებამდე გარკვეული პროცედურებია გასავლელი.

„პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ კანონპროექტი, რომელიც შემდგომ პროცედურებს ექვემდებარება. კანონპროექტი მიღებულია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, რომელსაც შემდგომ სენატში უნდა ეყაროს კენჭი. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მოაწერს ხელს, ის იქცევა კანონად. ანუ მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი რა სახითაც არის დღეს წარმოდგენილი, არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს აქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა.

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ უაღრესად პოზიტიურ ტენდენციასთან გვაქვს საქმე, როდესაც რეზოლუციებიდან უკვე კანონპროექტებში გადადის საქართველოს მხარდამჭერი დებულებები და ამის პირველი პრეცენდენტი ჩვენ გვქონდა, როცა კონსოლიდირებულ ბიუჯეტში, რომელიც არის საკანონმდებლო აქტი, აისახა საქართველოს ხმარდამჭერი დებულება.

გარდა ამისა, ამ კანონპროექტში მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ იქნება სპეციალური ფონდი 250 ამერიკული დოლარის ოდენობით, რომელიც მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზეა გათვლილი და მათ შორის არის საქართველო. როგორც კი შეიქნება შესაბამისი კომისია, შემდეგ განისაზღვრება რა მიმართულებებით დაიხარჯება ეს თანხები“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპაში, მათ შორის საქართველოში, განხორციელებულ/მიმდინარე ქმედებებს და ასახავს მათ აღსაკვეთად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ ზომებს.