არის ვერსიაც, რომ ბიჭები უბრალოდ ცუდ ადგილას იყვნენ რაღაც ოპერაციის დროს და საერთო მასაში მოყვნენ, - ამის შესახებ ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის მეგობარმა, იოსებ კობერიძემ ტელეკომპანია ”იმედს” განუცხადა.
მისივე თქმით, ის კარგად იცნობს ავთანდილ ხურციძეს და მისთვის წარმოუდგენელია ხურციძის კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან.
„ავთანდილ ხურციძე საქართველოდან გუშინ გაფრინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე იმედი მაქვს, რომ უბრალოდ დამთხვევაა სახელისა და გვარის. ვვარაუდობთ, რომ ჩვენი დროით, ამ დილას ჩაფრინდებოდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უბრალოდ ემთხვევა სახელი და გვარი და მეტი არაფერი. ლევან მაყაშვილის შესახებ ნამდვილად ვერ მოგახსენებთ დანამდვილებით, ის არის თუ მისი სახელიც ემთხვევა. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ავთოს პირადად ვიცნობ და ჩემთვის წარმოუდგენელია მისი კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან. არის ვერსიაც, რომ ბიჭები უბრალოდ ცუდ ადგილას იყვნენ რაღაც ოპერაციის დროს და საერთო მასაში მოყვნენ. არაფერია გამორიცხული, იმედი ვიქონიოთ, რომ დღის განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა სასიკეთოდ”, - განაცხადა იოსებ კობერიძემ.
არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება, შესაძლოა ქართველი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი იყვნენ, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ეჭვები აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი საქართველოს მოქალაქეების სახელებმა და გვარებმა გააჩინა. აშშ-ის ინფორმაციით, ქართველებიდან დაკავებულები არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.
ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ არც კრივის ფედერაციაში.
ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.