საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, არიან თუ არა ამერიკაში რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის დაკავებულ ქართველებს შორის სპორტსმენები.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, ამერიკასა და საქართველოს შორის დროში სხვაობის გამო, საკონსულო ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობს.
„ეს ძალიან ახალი ინფორმაციაა. ჩვენც ცოტა ხნის წინ მივიღეთ ეს ინფორმაცია და ვარკვევთ დეტალებს. ჩვენს გენერალურ საკონსულოს აქვს მითითება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში. როგორც კი იქნება დამატებითი დეტალები მოგვაწვდის გენერალური საკონსულო. მოგეხსენებათ, დროში განსხვავებაა, ახლა იქ ღამეა და როგორც კი გათენდება გენერალური საკონსულო აუცილებლად შესაბამის სტრუქტურებთან ჩაერთვება ამ საქმეში და დამატებით დეტალებს მიღებისთანავე გაცნობებთ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება, შესაძლოა ქართველი სპორტსმენები იყვნენ, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ეჭვები აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი საქართველოს მოქალაქეების სახელებმა და გვარებმა გააჩინა. ქართველებიდან დაკავებულები არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.