ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ორგანიზებით, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართა კონფერენცია ,,ევროკავშირის LEADER და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების მიდგომის გაზიარება საქართველოში“. LEADER (Liaison Entre Actions pour le Developpement de l’Economie Rurale) - ეს არის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა რესურსით ბენეფიციართა (სოფლის მოსახლეობა) გაძლიერებას, რაც მომავალში უზრუნველყოფს სოფლების განვითარებას ტერიტორიული ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებსა (LAG) და საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის პარტნიორობის საშუალებით.
კონფერენცია სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების ხელმძღვანელმა, კაიდო სირელმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტმა გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიომ გახსნეს.
როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც დასკვნით ფაზაშია და მალე დამტკიცდება. სოფლის განვითარება გულისხმობს სოფლად მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას როგორც სოფლის მეურნეობის დარგის, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების ღირებულებათა ჯაჭვის შექმნის, აგროტურიზმისა და სხვა მიმართულებების განვითარების გზით.
„ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარება. აქედან გამომდინარე, საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინებით ხორციელდება. ევროკავშირში ე.წ „ლიდერის“ (LEADER) მიდგომები და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები არის ერთ-ერთი დამკვიდრებული ინსტრუმენტი სოფლის განვითარების მიმართულებით. დღევანდელი ღონისძიება სწორედ ,,ლიდერის“ პრინციპის განხილვას და ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფების შესახებ ფერმერებისა და ბიზნესში ჩართული ადამიანების ცნობადობის ამაღლებას ემსახურება“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.
კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოში LEADER -ის მიდგომების დანერგვის პროცესის მიმდინარეობა და 17 თვის შედეგები, კერძოდ, ENPARD-ის კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების - „ადამიანი გაჭირვებაში“ (People in Need), „მერსი კორპსი“ (Mersy Corps) და „ქეა“ (Care) - მიერ ყაზბეგის, ლაგოდეხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული საპილოტე პროგრამების მიმდინარეობა განიხილეს. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფებისა (LAG) და თვითმმართველობის, ასევე სხვა სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებს. როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, LEADER-ის მიდგომების დანერგვა საქართველოს მასშტაბით სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაიწყება.
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზავიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.