FAO-სთან ოთხწლიან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

FAO-სთან ოთხწლიან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ  ხელი მოაწერეს ოთხწლიანიან ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის   ინსტიტუციურ, რეგიონულ და სექტორულ განვითარებას ითვალისწინებს. 

 FAO - საქართველოს 2016-2020 წლების ჩარჩო ხელშეკრულება მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა - საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების ხელშეწყობა,  სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული მომსახურებისა და  მცენარეთა დაცვის გაუმჯობესება.  

როგორც FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ აღნიშნა, ჩარჩო ხელშეკრულება გარანტიაა რომ ქვეყანამ სწრაფად მიაღწიოს მდგრადი განვითარების მიზნებს.

,,ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება FAO-ს გამოცდილება და სოფლის მეურნეობის დარგში საერთაშორისო, ინოვაციური  პრაქტიკა.  ჩარჩო ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ძლიერი ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის სისტემის ჩამოყალიბებას" - განაცხადა რაიმუნდ იელემ.

1990-იანი წლების დასაწყისში განხორციელებული მიწის რეფორმის შემდეგ, საქართველოში შეიქმნა ათასობით  მცირე მეურნეობება და საოჯახო ფერმა, რომელთა პროდუქტიულობა ძალიან დაბალია და ვერ უზრუნველყოფს მეურნეობაში ჩართული ფერმერების შემოსავლების ზრდას. FAO-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში განსაზღვრულია ყველა ის პრიორიტეტული სფერო, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე მეუნეობების პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას. ასევე სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ჯგუფების, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირების, საარსებო წყაროების გაუმჯობესებას  და სიღარიბის დაძლევისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.

ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებისა და მათ მიერ საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ათვისების მიზნით, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)  დახმარებას  გაუწევს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის განახორციელებაში.

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების განვითარების, ასევე  ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების კუთხით.

ხელშეკრულების ფარგლებში, მომავალი 4 წლის განმავლობაში, აქცენტი გაკეთდება საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, ტყისა და ველური ბუნების რესურსების მდგრადი მართვისა და ეფექტიანი გამოყენების სისტემის ჩამოყალიბებაზე. გარდა ამისა, FAO ხელს შეუწყობს  საქართველოში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას  და კატასტროფების რისკის შემცირების ზომების გატარებას.

ჩარჩო ხელშეკრულება  სხვადასხვა სამინისტროსა და სამთავრობო უწყებასთან კონსულტაციების შედეგად, ასევე ფინანსურ მხარდამჭერებთან - ევროკავშირი, ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და გაეროს ორგანიზაციები -  შეთანხმებით  მომზადდა.

"ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან ერთად მუშაობას, რათა დავეხმაროთ ქვეყანას მიაღწიოს გაეროს განვითარების მიზნებს და შეასრულოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნები“, - განაცხადა  FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში  რაიმუნდ იელემ.

 „FAO-ს 2016-2020 წლების ჩარჩო ხელშეკრულება საქართველოსთვის" წარმოადგენს შემადგენელ ნაწილს “გაეროს პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის 2016-2020“ დოკუმენტისა, რომელიც  საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას  შორის პარტნიორობას აჯამებს.