8 ნოემბერს, ბელარუსის რესპუბლიკაში, ქალაქ მინსკში, კვების მრეწველობის ყოველწლიური, 22-ე სართაშორისო გამოფენა „პროდექსპო - 2016” (ProdExpo 2016) გაიხსნა, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მესამე წელია მონაწილეობს. ქართულ სტენდთან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებს იგორ ბრილოსა და ვლადიმერ გრაკუნის, ასევე ვაჭრობის მინისტრს, ვლადიმირ კოლტოვიჩს უმასპინძლა.
აღნიშნულ გამოფენაზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, 14 ქართული კომპანიის პროდუქციის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი, მათ შორის, ქართული ღვინო, ნატურალური წვენები და სხვადასხვა ქართული ტკბილეული.
კვების მრეწველობის 22-ე სართაშორისო გამოფენა „პროდექსპო - 2016” 11 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენაში მსოფლიოს 10 ქვეყნის (ბელარუსია, რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ლატვია, საბერძნეთი, სირია, მოლდოვა, იტალია, საქართველო) 200-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. წელს აღნიშნული გამოფენა ბელარუსის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა ვლადიმირ კოლტოვიჩმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიადგილემ ვლადიმერ გრაკუნმა გახსნეს.