საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016“ დაჯილდოება გაიმართა

საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016“ დაჯილდოება გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016“- დაჯილდოება გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიალი პროექტის ინიციატორმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გახსნა და კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, კონკურსის „თბილისი“ მიზანი ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირების ინტელექტუალურ-შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და წახალისებაა. წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი საავტორო ნაწარმოები განიხილებოდა და კონკურსანტს ნებისმიერ თემატიკაზე თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი ნაწარმოების წარდგენა შეეძლო.

,,სწორედ, ბარიერების არარსებობამ მისცა ხელოვანებს უპრეცედენტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა’’,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა და ამასთან იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას აფხაზი და ოსი კონკურსანტებიც მიიღებენ.

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში „თბილისი 2016“ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში - წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები, წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები, წლის საუკეთესო ესსე, წლის საუკეთესო სიმღერა, წლის საუკეთესო ფერწერული ნაწარმოები, წლის საუკეთესო ქანდაკება, წლის საუკეთესო ფოტოხელოვნების ნაწარმოები, ასევე წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაშრომი გამოვლინდნენ.

კონკურსის „თბილისი“ წლევანდელმა შვიდკაციანმა ჟიურიმ ფინალისტები კოდიფიცირებული სამასზე მეტი ნაშრომიდან გამოავლინა და თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი გამარჯვებული დაასახელა.

წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები - კვირტია ბაჩო – „ბამბის ნამცეცი“;

წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები - დანელია ბათუ - „თოვლის მეფე“;

წლის საუკეთესო ესსე („ჩემი ვეფხისტყაოსანი“ - სკოლის მოსწავლეთათვის) - ბუდაღაშვილი ლიზი - „ჩვენ და ვეფხისტყაოსანი“;

წლის საუკეთესო სიმღერა - ჩაჩავა ნინო - „ჩვენ მოვდივართ“;

წლის საუკეთესო ფერწერა - შხვაცაბაია ლილი - „შეხვედრა ოაზისში“; წლის საუკეთესო ქანდაკება - ზაქარაია გენადი;

წლის საუკეთესო ფოტოხელოვნება - ბენდელიანი სალომე - „მიტოვებული სახლი“;

წლის საუკეთესო არქიტექტურა - მოსულიშვილი გიორგი - „არქიტექტურული ოფისი ჭონქაძეზე“;