პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ევროპაში ბანკაშურანსით მიღებული შემოსავალი ბანკების საერთო შემოსავლის 30%-40%-ს უტოლდება.“
ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „საქმიან დილაში“ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა, პაატა ლომაძემ ევროპის სადაზღვევო და საფინანსო ინდუსტრიაში დღეს Bancassurance-ის წარმატებულ მოდელზე ისაუბრა. მისი განცხადებით ამ მოდელით თანამშრომლობა მომგებიანია როგორც სადაზღვევო, ისე საბანკო სექტორისთვის და რაც მთავარია, მომხარებლისთვის. სადაზღვევო პროდუქტების ინტეგრაცია საბანკო მოსმახურებაში ერთის მხრივ ხელს უწყობს ბანკის კლიენტების დაცულობის დონეს, მათი ლოიალობის გაზრდას - კლიენტები ერთი სარკმლის პრინციპით იძენენ უნიკალურ სადაზღვევო პროდუქტებს, რომლებიც უჩენს მათ უსაფრთხოებისა და დაცულობის გრძელვადიან გარანტიებს. რაც მთავარია, სადაზღვევო რისკების მართვისა და ადმინისტრირების ტვირთი სრულად რჩება სადაზღვევო კომპანიის მხარეს.
„ჩვენ ერთ-ერთმა პირველებმა დავიწყეთ მსგავსი პროექტის დანერგვა რამდენიმე ბანკში და შემოვიტანეთ ინოვაციური პროდუქტები - მაგალითად საკრედიტო შენატანების დაზღვევა და ხელფასის დაზღვევა..“ - განაცხადა პაატა ლომაძემ ტელეკომპანიის ეთერში. მისი შეფასებით დღეს ეს ბაზარი 50-60 მლნ ლარის მოცულობისაა, ხოლო ზრდის პოტენციალი 10-15ჯერ მეტია.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ Bancassurance-ის მოდელის უფრო ფართოდ დანერგვასაც გეგმავს და ამ საკითხზე 19 ოქტომბერს „ვენის სადაზღვევო ჯგუფთან“ ერთად საერთაშორისო კონფერენციას მართავს. კონფერენცია სასტუმრო ბილტმორში შედგება და მას საქართვლოს ყველა წამყვანი ბანკისა და მსხვილი მიკრო-საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი დაესწრება. კონფერენციაზე Bancassurance-ის კონცეფციასა და განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრებენ ავსტრიელი მომხსენებლები და ექსპერტები, რომლებიც საბანკო სექტორის წარმომადგენლებს გაუზიარებენ დასავლურ გამოცდილებას, თუ როგორ თანამშრომლობენ ბანკები და სადაზღვევო კომპანიები დასავლეთ ევროპაში, აშშ-სა და განვითარებულ ქვეყნებში.