ლევან დავითაშვილმა მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ლევან დავითაშვილმა მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ბექა გონაშვილთან და ასოციაციის სხვა წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეემა მეცხვარეობის დარგში არსებული პრობლემური საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეცხვარეობის დარგი ათწლეულების მანძილზე უყურადღებოდ იყო მიტოვებული და შესაბამისად, პრობლემაც უამრავი დაგროვდა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის აქტიურად მუშაობს.

 „სამინისტრო მეცხვარეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის: მიმდინარეობს ცხვრის პროფილაქტიკური და სავალდებულო ვაქცინაცია დაავადებებზე: თურქული, ჯილეხი, ცხვრისა და თხის ყვავილი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი;  დარგის განვითარების მიზნით, აშენდა და გაიხსნა ბიოუსაფრთხოების პუნქტები მარნეულსა და რუსთავში, სადაც ხდება როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვის გაბანება და პარაზიტებზე დამუშავება, რაც უზრუნველფოფს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და დაავადებების გავრცელების შემცირებას. სულ ქვეყნის მასშტაბით 8 ასეთი პუნქტის აშენებაა დაგეგმილი; მხოლოდ მიმდინარე წელს განხორციელდა 35 ათასი სული ცხვრის ექსპორტი არაბულ ქვეყნებში: არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთსა და ყატარში. ცხვრის ექსპორტის სეზონი დაწყებულია. ბოლო მონაცემებით, საექსპორტოდ განკუთვნილი ათასობით ცხვარი ამ დროისთვის საკარანტინო ზონაშია განთავსებული; ევროკავშირთან მიღწეულია შესაბამისი შეთანხმება, რომლის თანახმად, საქართველო დაემატა ეგრეთწოდებული მესამე ქვეყნების სიას და უკვე შესაძლებელია ქართული მატყლის გატანა ევროკავშირის ქვეყნებში.“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე მინისტრმა მეცხვარეების პრობლემები მოისმინა და აღნიშნა, რომ სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს მათ დასახმარებლად და დარგის გასაჯანსაღებლად.

"შეხვედრაზე განხილული პრობლემური საკითხების მოგვარება, სამწუხაროდ, სცილდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს. არის საკითხები, რომლებიც კომპლექსურად, რამდენიმე უწყების ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაწყდეს. მეცხვარეებსაც ესმით, რომ მათ მიერ წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ შეძლებს. ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ მედიატორის როლი მეცხვარეებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის, რათა მოხდეს ყველა პრობლემის მოგვარება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე მეცხვარეობის დარგის განვითარების მიზნით ჩამოყალიბდა კომისია სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და მეცხვარეთა ასოციაციის შემადგენლობით, რომელიც დარგში არსებული გამოწვევების მოგვარების საკითხებზე იმუშავებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მერნეობის მინისტრის მოადგილეები: გოჩა ცოფურაშვილი, იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურა ჩეკურაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ სოხაძე და სოფლის  მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.